ქუთაისში გუმათჰესების კასკადი იწვის, ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე მაშველები.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია, რის შედეგადაც გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18-ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ისინი გუმათჰესი 2-ის მიმდებარე პერიმეტრს იცავენ.
სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული.