წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, _ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პერიმეტრს იცავენ სამართალდამცველები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო.
პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.