თამბაქოს ნაწარმი; ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; სანთებელა ან ასანთი; ალკოჰოლური საშუალებები; ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; აზარტული თამაშის საშუალებები; უხამსობის ამსახველი ნივთები; ნარკოტიკული საშუალებები; ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე _ ეს ის ნივთებია რისი ტარებაც მოსწავლეებს სკოლებში ეკრძალებათ.
მოსწავლის ქცევის კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
ხშირია თუ არა სკოლებში მოსწავლეების მიერ აკრძალული ნივთების ტარება და როგორ ხდება ამ პრობლემასთან ბრძოლა, ამ საკითხზე „გურია ნიუსს“ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნატა ასათიანი ესაუბრა.
„სკოლებში მსგავსი შემთხვევები ხშირი არ არის. მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებაა. ერთი არის ის, რომ მანდატურის სამსახური მუშაობს ამ პერიოდში გაძლიერებულ რეჟიმში. ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ფონზე, მანდატურის სამსახური სწორედ უწყებათაშორის კომისიის მუშაობის შედეგად, კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინირებაშია საპატრულო პოლიციასთან. გარდა ამისა, საპატრულო პოლიცია პატრულირებს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ. ბევრი მოსწავლე გამოდის საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ გარეთ და მათ გადაადგილებას მონიტორინგს უკეთებს პატრული“, _ ამბობს ასათიანი.
ასათიანი აღნიშნავს, რომ ბულინგის საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ცნობიერების ამაღლებაა საჭირო
„რასაც აქამდეც ვაკეთებდით, ეს არის ცნობიერების ასამაღლებელი მასშტაბური კამპანია, რომ ყველა სკოლას მივაწვდინოთ ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ძალადობა, რა არის ბულინგი, როგორ უნდა დაიცვას მოზარდმა თავი ბულინგისგან. ცნობიერება უნდა ამაღლდეს მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლებისაც, რადგან ხშირ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ბულინგთან და არ ვიცით, რომ ეს ასეა. ამიტომ ერთ-ერთი ჩვენი მიზანი არის ინფორმირებულობის ამაღლება და გაზრდა“, _ ამბობს ასათიანი.