თბილისის საქალაქო სასამართლოს 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე ჟ.გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.
2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებულის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.
მთავარი პროკურატურის 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით, ჟ.გ. დაზარალებულად არის ცნობილი, 2011 წლის 26 მაისს შსს-ს სპეცრაზმების მიერ თბილისში, საპროტესტო მიტინგის დაშლისას, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელით, მოქალაქე შსს-სგან მორალური ზიანის ანაზღაურებას 30 000 ლარის ოდენობით მოითხოვდა. სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შსს-ს მხოლოდ 5000 ლარის გადახდა დააკისრა, რის გამოც 26 მაისის აქციის დარბევისას დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელე აცხადებდა რომ, საპროტესტო აქციის დარბევისას მიყენებული დაზიანებებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც მას ესაჭიროება სხვადასხვა სახის გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა.
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქმეზე თანდართული ცნობები ჟ.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ცნობა საკმარის საფუძველს იძლეოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.
2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციისას დაზარალებული მოქალაქეების სამართლებრივი დახმარების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის რამდენიმე ადმინისტრაციული სარჩელი მოამზადა. მათ შორის, ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე, 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს მოქალაქე გ.გ.-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 30000 ლარის ოდენობით დააკისრა.