რამდენიმე წლის წინ რობერტ დე ნიროს იტალიის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს, თუმცა, ბევრი იტალიელი ამას აპროტესტებდა იმ მიზეზით, რომ თითქოს დე ნიროს მიერ გასახიერებული იტალიელები (უმეტესწილად, განგსტერები), ლახავენ პატიოსანი იტალიელების იმიჯს. რა თქმა უნდა, ამაში არის ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა ოსტატობით ასახიერებდა მათ მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი მსოფლიო დე ნიროს ამერიკელ იტალიელს ეძახის, მას საკუთარი თავი ირლანდიელად მიაჩნია, რადგან მასში ერთი მესამედი სწორედ ირლანდიული სისხლი სჩქეფს.
რობერტ დე ნიროს უკვე გააჩნია თანამედროვეობის უდიდესი მსახიობის წოდება და ეს ტიტული უფრო რომ განემტკიცებინა, გადაწყვიტა კომედიებშიც გაებრწყინა. თვითონ აცხადებდა: ”ზოგიერთის თქმით, დრამატულ ფილმში მონაწილეობა უფრო ადვილია, ვიდრე კომედიაში. ეს არ არის მართალი. ბოლო წლების განმავლობაში მე ბევრს ვმონაწილეობ კომედიებში და ეს ასწორებს. დრამატულ ფილმში მთელი დღეების განმავლობაში ვიღაც ტიპს უბრაგუნებ ჩაქუჩს ან იმას რაც მოგხვდება ხელში… კომედიაში კი ერთი საათის განმავლობაში უყვირი ბილი ქრისთალს და შემდეგ თავისუფალი ხარ, რაც გინდა ის აკეთე”. მიუხედავად ამ განცხადებისა, თუ კარგად დააკვირდებით, დე ნირო მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს კომფორტულად თუ მას პარტნიორად ძლიერი კომიკოსი მსახიობი ჰყავს, ისეთი როგორც ჩარლზ გროდინი “შუაღამის რბოლაში” ან ზემოთ ნახსენები ბილი ქრისთალი კომედიაში “გაანალიზე ეს”. სხვა შემთხვევაში ეკრანზე უმეტესად დე ნიროს, ამ უდიდესი დრამატული კინომსახიობის, მანჭვა-გრეხვას ვუცქერთ, გაიხსენეთ თუნდაც “ჩვენ ანგელოზები არა ვართ” დამ ის შემდეგ შექმნილი უამრავი კომედია. დე ნირო იმ მსახიობებს განეკუთვნება რომელთაც ფილმის განმავლობაში ერთხელ მაინც სჭირდებათ საკუთარი დაგროვილი ენერგიის ამოხეთქვა. ხშირ შემთხვევაში ეს ენერგია ნეგატიურია, ამიტომაცაა, რომ მის შემოქმედებაში, ასე ვთქვათ, არც თუ დადებითი პერსონაჟების სჭარბობენ, მიუხედავდად იმისა რომ ესა თუ ის გმირი შეიძლება მაყურებლის სიმპატიას იმსახურებდეს, თუნდაც ახალგაზრდა ვიტო კორლეონე ფრენსის ფორდ კოპოლას “ნათლიას” მეორე ნაწილიდან, სადაც მან განასახიერა ცივსისხლიანი მაფიოზი, რისთვისაც მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისათვის ოსკარი დაიმსახურა. კორლეონეს სიტყვები რომ ვიხმაროთ, რობერტ დე ნირომ აკადემიას ისეთი რამ შესთავაზა, რაზედაც უარი ვერ უთხრეს. თუ არ ვცდები, ეს კინოს ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა, როცა ერთი და იგივე გმირის განსახიერებისათვის ორმა მსახიობმა მიიღო აკადემიის უმაღლესი ჯილდო (პირველად კორლეონეს როლისთვის მარლონ ბრანდო დაალჯიდოვეს). ნაღდი სიცილიელი რომ განესახიერებინა დე ნირომ რაღაც ოთხ თვეში ისწავლა სიცილიური. გახსოვთ ალბათ, მისი გმირი ფილმში ინგლისურად თითქმის არ საუბრობს.
რობერტ დე ნირო ყოველი როლისადმი გადამეტებული ყურადღებითა და მიდგომით გამოირჩევა. იგი არ დაიწყებს მუშაობას თუ არ შეძვრა გმირის ტყავში, არ გაიგო მის შესახებ ყველა ნიუანსი, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება როლზე მუშაობა და განსაცვიფრებელი გარდაქმნა. ასე მოხდა როცა იღებდნენ “ტაქსის მძღოლს”, რისთვისაც იგი თვეების განმავლობაში უჯდა ტაქსის საჭეს და კლიენტებს დაატარებდა. ფილმის გამოსვლის შემდეგ ბევრი ტრაბახობდა რომ მე თვით რობერტ დე ნირო მომემსახურაო. ფილმში “ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი” იგი საქსოფონზე დაკვრის ისეთ იმიტაციას აკეთებდა, რომ პროფესიონალი მუსიკოსებიც კი ვერ იჯერებდნენ, რომ მსახიობმა ეს ინსტრუმენტი ხელში პირველად აიღო. ან კიდევ “მძვინვარე ხარი”, სადაც მან აჩვენა ნატურალისტური კინოთამაშის უბადლო მაგალითი და შექმნა კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ძლიერი პერსონაჟი, რეალურად არსებული მოკრივე ჯეიკ ლამოტა. ამ როლისთვის იგი დღე_და ღამე ვარჯიშობდა თვით ლამოტასთან ერთად და ამ უკანასკნელის თქმით, მსახიობი რომ არა დე ნირო ბრწყინვალე მოკრივე დადგებოდა. პენსიაზე გასული გასუქებული ლამოტა რომ ეჩვენებინა, დე ნირომ თითქმის ოც კილოგრამზე მეტი მოიმატა. მსახიობი ამბობდა:” ბევრი ჩემი ახლობელი ვერც კი მცნობდა…. საკვირველია, მაგრამ ბევრ ქალს ასეთი მსუქანი მოვწონდი, მათ სათამაშო დათვს ვაგონებდი”. ამ როლმა მას მეორე დამსახურებული ოსკარი მოუტანა. ოსკარის მიღებისას მსახიობმა ყველა ნათესავისა და ახლო თუ შორეული წინაპრის გარდა მადლობა გადაუხადა აგრეთვე ლამოტას ძმას ჯოის. ეს უკანასკნელი ფილმის შემქმნელებს სასამართლოში უჩიოდა მისი სახის არასახარბიელოდ ჩვენებისათვის. მოგეხსენებათ, ჯოი ლამოტას როლი ჯო პეშიმ ითამაშა. საინტერესოა, რომ დე ნიროს საკუთარ ფილმებზე საუბარი არ უყვარს და აცხადებს რომ მათი ყურებისას ეძინება.
რობერტ დე ნირო ხელოვანთა ოჯახში დაიბადა 1943 წლის 17 აგვისტოს. ბავშვობიდან მას ფერმკრთალი სახე ჰქონდა, ამიტომაც შეარქვეს მეტსახელი ‘ბობი რძე”, მომავალი ვარსკვლავის დებიუტი ჯერ კიდევ სკოლაში შედგა_ სცენაზე მან განასახიერა მშიშარა ლომი სპექტაკლში “ჯადოქარი ოზიდან”. ბობიმ მალე სკოლას თავი დაანება და პატარა იტალიის, ასე ეძახიან ბრონქსის ერთ ნაწილს სადაც იტალიელები ცხოვრობენ, ქუჩის ბანდას შეუერთდა. მოწინააღმდეგე ბანდაში კი მომავალი რეჟისორი და მსახიობის მეგობარი მარტინ სკორსეზი მოღვაწეობდა. როგორც დე ნირო იხსენებდა მან დროზე დააღწია თავი ამ ამხანაგობას და იმ დროს, როცა ლი სტრასბერგთან და სთელა ადლერთან სტანისლავსკის სისტემით სამსახიობო ოსტატობას ეუფლებოდა, ბევრი მისი ძველი ძმაკაცი ციხეში იმყოფებოდა.
1973 წელს დაიწყო დე ნიროს თანამშრომლობა რეჟისორ მარტინ სკორსეზისთან, რომელიც კინოს ოსტორიაში ერთ-Eერთი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. მათ ერთად რვა ფილმი გადაიღეს და ეს ურთიერთობა იმდენად მჭიდრო და ახლობლური იყო, რომ ამან ჰომოსექსუალურ კავშირზე მითქმა_მოთქმაც კი გამოიწვია, რასაც ჩვენ ვერც დავადასტურებთ და ვერც ვუარყოფთ.. სკორსეზი_დე ნიროს ერთობლივი ფილმები კინოს საგანძურში მოხვდა: “ბოროტი ქუჩები”, “ტაქსის მძღოლი”, “მძვინვარე ხარი”, “კარგი ბიჭები”, “შიშის კონცხი”, “კაზინო”. სკორსეზიმ მას ქრისტეს როლიც კი შესთავაზა ფილმში “ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება”, რაზედაც დე ნირომ უარი განაცხადა. დე ნირო გაჰყვა თავისი მეგობრის ნაკვალევს და 1993 წელს გადაიღო “ბრონქსის ამბავი”, რომელიც დაფუძნებული იყო ცნობილი სახასიათო მსახიობის ჩეზ პალმინტერის პიესაზე და მოგვითხრობდა ისევ და ისევ განგსტერების ამბავს, ამჯერად დანახულს ბავშვის თვალით.
დე ნირო რამდენიმეჯერ იყო ნომინირებული აკადემიის უმაღლეს ჯილდოზე, მათ შორის მაიკლ ჩიმინოს ბრწყინვალე დრამაში “ირმებზე მონადირე” მონაწილეობისათვის, რომელმაც თავის დროზე საბჭოთა კავშირში მძაფრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. დაუვიწყარი და ჟრუანტელის მომგვრელია ეპიზოდი, როცა ჩრდილოეთ ვიეტნამელი ჯარისკაცები აიძულებენ ამერიკელ ტყვეებს რუსული რულეტის თამაშს. სხვათაშორის, ფილმში მისი პარტნიორი მერილ სტრიპი დე ნიროს მიაჩნია საუკეთესო მსახიობად და მასთან თამაში ყოველთვის დიდი სიამოვნებას ანიჭებს.
ცნობილია რობერტ დე ნიროს გამარჯვებები სხვა ფრონტზე_ სუსტი სქესის წარმომადგენლებთან. იგი აღმერთებს შავკანიან ქალებს და ამიტომაც თითქმის ყოველ მისი საყვარელს თუ ცოლს მუქი ფერის კანი ჰქონდა.
ბოლო წლების განმავლობაში რობერტ დე ნიროს მონაწილეობით შექმნილი ბევრი ფილმი ერთი მეორეს მიყოლებით ჩავარდა გაქირავებაში, მათი დასახელებით ახლა თავს არ შეგაწყენთ. ეს ნამდვილად სიურპრიზს არ წარმოადგენს მსახიობისათვის, რომლის შემოქმედებაში ე.წ. ხალტურა სჭარბობს მაღალმხატვრულ ნაწარმოებებს. შედარებისათვის რომ ავიღოთ მისი დიდი ხნის მეტოქე ალ პაჩინო, ვნახავთ რომ ეს უკანასკნელი უფრო ფრთხილია როლების არჩევისას და მისი ფილმები თავისი ღირსებებით ბევრად მაღლა დგას (თუმცა მასაც აქვს ჩავარდნები). ეს ორი უდიდესი მსახიობი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე მხოლოდ ორჯერ შეხვდა-პირველად მაიქლ მენის თავბრუდამხვევ ფილმში “შერკინება” და 2008 წელს ძალზე სუსტ სურათში ,,სამართლიანი მკვლელობა”. მალე კ გამოვა მარტინ სკორსეზის ახალი ნამუშევარი ,,ირლანდიელი”, სადაც ეს ორი პაჩინო და დე ნირო მონაწილეობენ.
1987 წელს რობერტ დე ნირო საქართველოში ჩამოვიდა, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მძაფრი ინტერესი გამოიწვია. სხვებთან ერთად დე ნიროს მასპინძლობა ცნობილმა მხატვარმა ზურაბ წერეთელმაც გაუწია და მსახიობს სამახსოვროდ წმინდა გიორგის მინანქარი უსახსოვრა.
დე ნირო წარმატებული ბიზნესმენიცაა მის მფლობელობაშია რამოდენიმე რესტორანი, მან აგრეთვე 1989 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი კინოსტუდია ტრიბეკა, რომელმაც მის საყვარელ ნიუ-იორქში დაიდო ბინა. 2002 წელს მან საფუძველი ჩაუყარა ტრიბექა ფილმების ფესტივალს, რათა მოზიდული თანხებით დახმარებოდა 11 სექტემბრის დროს დანგრეული რაიონის აღდგენაში.