უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, პოლიტიკოსებმა თავად არ იციან, სამინისტროების გაერთიანებით რამდენი ბიუროკრატიული ხარჯი დაიზოგება. მჟავანაძის თქმით, სტრუქტურული ცვლილებები არ გაამართლებს და რამდენიმე წელში სხვა სამინისტროებთან შერწყმული სახელმწიფო სტრუქტურები ისევ დამოუკიდებლად იარსებებენ.
,,თავდაპირველად, დაგეგმილი იყო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანება, თუმცა ვიცით, რომ საბოლოოდ აღარ გაერთიანდა, საცდელი კურდღლები ხომ არ ვართ, ბოლოს და ბოლოს. უნდა აღვნიშნო, რომ ყოვლად დაუშვებელი იყო გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება, იმიტომ რომ ,,ქართული ოცნება“ გარემოს დაცვის მძლავრი პოლიტიკით მოვიდა. თუ რაიმე პრიორიტეტები გაგვაჩნია ხელისუფლებას ეს გარემოს დაცვა და ეკოლოგიაა. ქვეყანაში კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობა გვაქვს და თუ გვინდა მძლავრი პოლიტიკა ვაწარმოოთ, გარემოს დაცვის სამინისტრო კი არ უნდა გავაუქმოთ, არამედ გავაძლიეროთ. ვიცი, საბოლოოდ, სამინისტროების შერწყმა არ გაამართლებს და ისევ უკან მოგვიწევს დაბრუნება. ერთი ,,მწვანეთა პარტია“ ჰყავთ პარლამენტში, რომლებსაც არც კი უსმენენ. პარლამენტარები იძახიან სამინისტროების შემცირებით ბიუროკრატიული ხარჯები თუ შემცირდება ჯერ თუ არ ვიცითო, მაშინ ჯერ დათვალეთ ბატონო და მერე განახორციელეთ სტრუქტურული ცვლილებები. 5-6 კაცის შემცირებით, სამინისტროების გაერთიანება კატეგორიულად მიუღებელია“, _ განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.