მარიხუანა, იგივე კანაფი არის მცენარე, რომელსაც საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა მიზნით იყენებს.
ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად წარმოებულ და ხშირად მოხმარებად უკანონო ნარკოტიკს მსოფლიო მასშტაბით.
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.
რას ფიქრობს საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, შესაძლოა, თუ არა რომ ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც, პირს მარიხუანას აღმოჩენის შემთხვევაში პატიმრობა აღარ დაემუქრება მისი მომხმარებლების რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს_ამის გასარკვევად „გურია ნიუსმა“ თბილისის ქუჩებში შემთხვევითი შერჩევით მოქალაქეები გამოიკითხა.
მზია შარიქაძის თქმით, ნარკომომხმარებლებს მკურნალობა სჭირდებათ და არა ციხე. „ცვლილებას მივესალმები. ნარკოტიკის მომხმარებლებს მკურნალობა სჭირდება და არა ციხე. არა მგონია, რომ მიღებულმა კანონმა მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვი გაზარდოს“, _ ამბობს შარიქაძე.
ივანე ბერიაშვილი კი მიიჩნევს, რომ თუ მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდება, ამით სარგებელს სახელმწიფოც ნახავს.
„ვფიქრობ, რომ შემცირდება სხვადახვა ნარკოტიკების მოხმარება. ასევე, აღმოიფხვრება შავი ბაზარი. თუ სახელმწიფოს ხელში იქნება ამ პროდუქციის წარმოება აქედანაც შევა შემოსავალი სახელმწიფოში და ასევე იქნება დასაქმებულებიც, რომლებიც ამ სფეროში არიან დაკავებულები. ავსტრიასა და ჰოლანდიაში ვარ ნამყოფი და იმათ მაგალითზე ვამბობ. თუნდაც, ავსტრიაში არის ლეგალური პირადი მოხმარება, დათესვა და ა.შ. ყველა თავისთვის მოიხმარს. ჰოლანდიასა და პორტუგალიაში კი, ფაქტობრივად, ამით ყვავის ბიზნესი და ტურიზმი. ვინც არ მოიხმარს, ის ისედაც არ მოიხმარს. ვინც მოიხმარს კი იმისთვის უკეთესი ალტერნატივა გამოჩნდება და არ მოუწევს ადამიანს სადღაც რომელიმე სადარბაზოს კუნჭულში მისი შეძენა“, _ ამბობს ბერიაშვილი.
ვალოდია ხელაშვილი კი ფიქრობს, რომ ახალი კანონი მომხმარებლების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.
„არ უნდა იყოს მოხმარება, მაგრამ მისი აკრძალვა ძალიან ძნელი საქმეა. ახალი კანონი მომხმარებლების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს“, _ თქვა ხელაშვილმა.
მომხმარებლების გაზრდის შესახებ საუბრობს კიდევ ერთი რესპონდენტი, ხათუნა სალუქვაძე.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უარყოფითად ვაფასებ. ეს გამოიწვევს მომხმარებლების რაოდენობის გაზრდას“,_ამბობს სალუქვაძე.
ვანო გოროზიას თქმით კი სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოიწვევს მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას.
„არანაირი შეხება არ მაქვს მარიხუანასთან. წესით, მისი მოხმარება დასჯადი არ უნდა იყოს და არც სანქციები არ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ის არ გამოიწვევს მომხმარებელთა ზრდას. ვისაც უნდა მოწევს, ვისაც უნდა _ არა“, _ ამბობს გოროზია.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით, როგორც პირადი მოხმარებისთვის აუცილებელი დოზა 0.09 გრამის ტარებაა დაშვებული, უფრო მეტი რაოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
ამავე თემაზე:
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია _ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება
რას ფიქრობენ გურული პოლიტიკოსები მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე
“ვინც შემოიღო ეს კანონი, ის უნდა დაიჭირო”
რა შეიძლება გამოიწვიოს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ
სახიფათოა თუ არა კანაფის მოხმარება და რა შემთხვევაში ნიშნავენ მას ექიმები სამკურნალოდ