დღეს ფეხბურთის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
საქართველოში ფეხბურთი ქალაქ ფოთში, XX საუკუნის დასაწყისში ინგლისელი მეზღვაურების მიერ დაინერგა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი 1990 წლის 27 მაისს ლიტვასთან ითამაშა. მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში.
1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების დირექტორი, გაიოზ დარსაძე აღნიშნავს, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი მწვრთნელთა განათლების პროგრამაა.
„ქართულ ფეხბურთზე სასაუბროდ მნიშვნელოვანია სიღრმისეული და ობიექტური ანალიზი, ასევე, მნიშვნელოვანია მიზნების და ფილოსოფიის, პროგრამის ცოდნა. ძალიან ბევრი დეტალია, რასაც 2 სიტყვაში ვერ ვიტყვით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, დამოუკიდებლობის შედეგად რა მივიღეთ, დღეს რა გვაქვს და საითკენ მივისწრაფვით. რაც შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, არის ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, დამოუკიდებელი ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, პირველი ყველაზე წარმატებული პროექტი, მნიშვნელოვანი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ შეასრულა არის მწვრთნელთა განათლების პროგრამა. რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა მიუხედავად, სხვადასხვა სახის სირთულეებისა ძალზედ წარმატებული პროექტია. B, A და PRO დონეზე ჩვენ გავხდით უეფას მწვრთნელთა კონვენციის წევრები“, _ ამბობს დარსაძე.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა ქართველ მწვრთნელებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარა.
„თანამედროვე ფეხბურთის შესახებ მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი ინფორმაცია უამრავმა ქართველმა მწვრთნელმა მიიღო. სხვა კიდევ ბევრი სხვა პროცესია, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს დიდ მიღწევებად, მაგრამ მე ამ ერთს გამოვყოფდი. დანარჩენი უფრო მეტ სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას დარსაძე.