ამ წუთებში კიევის ცენტრში მასშტაბური აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
დღეს, როგორც დაანონსებული იყო, საპროტესტო მარშის მონაწილეები ტარას შევჩენკოს პარკში შეიკრიბა და მეიდნის მიმართულებით დაიძრნენ. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტსა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
დემონსტრანტების განცხადებით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანა უსამართლობისკენ წაიყვანა, რასაც ისინი არ შეეგუებიან.
აქციაზე იმყოფებიან, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.
ოპოზიციის ლიდერები გარკვეულ პროვოკაციებზე საუბრობენ. ისინი ამბობენ რომ სხვადასხვა ნომრებიდან მათ მიიღეს ტექსტური შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ აქცია -მსვლელობა მოგვიანებით დაიწყებოდა. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ეს იყო ერთგვარი მცდელობა იმის, რომ ხალხი არ მისულიყო აქციაზე.
„მცდელობა გააჩერონ ეს მოძრაობა ვინმეს დაჭერით, განსაკუთრებით მიშას ციხეში გაშვებით არის შეუძლებელი უკრაინაში. რაც დაიწყო დაიწყო და აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით,“-განაცხადა „ახალ ძალთა მოძრაობის“, _ წევრმა დავით საყვარელიძემ.
აქციაზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის მეუღლეც. რამდენიმე წუთში სანდრა დემონსტრანტებს მიმართავს.