ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის შესასვლელში, სოფლის ცენტრალური გზის დასაწყისშივე, ორგანყოფილებიანი მილხიდია განთავსებული, რომელიც ყოველი წვიმის დროს იჭედება. მიზეზი მუდამ ერთი და იგივეა _ ნაკაფი ტოტები, საყოფაცხოვრებო, უვარგისი ნივთები, რომლებსაც მოსახლეობა დაუდევრად ყრის, სწორედ არ მილხიდთთან იყრის თავს, რის გამოც, რამდენიმე ოჯახს სერიოზული პრობლემა ექმნება.
იგივე მოხდა რამდენიმე დღის წინ, უხვი ნალექის დროს _ უამრავი ნაკაფი წამოიღო ადიდებულმა ღელემ და პირდაპირ მილხიდში გაჭედა. წყალი გზის ზედაპირზე გადმოვიდა და ორი ოჯახის ეზოშოც დატბორა.
ადგილობრივების თქმით, ზემოთ, საიდანაც პატარა ღელე მოედინება, არის საყანე ფართობები. ასევე არის თხმელის კორომები. ხშირად, როცა შეშას ჭრიან ან ღობეებს ამაგრებენ, სხეპავენ ხეებს, ნაკაფს კი ყრიან პირდაპირ არხში, ღელის კალაპოტში ან იქვე, ნაპირზე. ადიდებულ წყალს კი ერთიანად მოაქვს და მილხიდში იჭედება.
ირა რაფშინსკაია, სოფელ ჭანიეთის მცხოვრები: ჩვენს ზევით ძალიან ბევრი ყანებია, ლიხაურელებსაც აქვთ იქ მიწები საკუთრებაში. ყოველ წელს ასეთი ამბავია. საკუთარ ეზოებს არ სვრიან, მოთავებული არ სჯობს? გაკაფავენ, ჩაყრიან ღელის ნაპირას და ტოვებენ ასე. მერე ადიდებულ წყალს, აგერ, ჩვენს სახლთან მოაქვს, იჭედება მილხიდში და კი ვართ ამ დღეში. რა ვქნა? რომ გითხრათ, წავალ და იმ ხალხს გავაფრთხილებ-მეთქი, ვერ ვიზამ. სად ვეძებო და რამდენი? თვითონ ვერ უნდა მიხვდნენ, რომ ასე არ შეიძლება?
ნაირა ურუშაძე, ჭანიეთის მცხოვრები: ყველა, ვინც კი ჭრის თუ სხეპავს, ღელის ნაპირას ყრიან. ღობეების ღელის ნაპირს მიუყვება და გადმოღმა ყრიან. არ შეიძლება ასე, მაგრამ ესმით? ღელის ნაპირს ჩვენი ეზოს საზღვარიც მიუყვება. ტრიფოლიატის ღობე ჩვენია, აუცილებლად გავსხეპავთ.
რიმა ურუშაძე, ჭანიეთის მცხოვრები: წყალი ეზოში შემოვიდა. სახლში ნამდვილად არ შემოვარდნილა. თუმცა, დიდხანს რომ იწვიმოს, ასეც კი მოხება. სულ ვხვეტავ, ვალაგებ, ვწმენდ ეზოს გადაღმაც, მაგრამ ბევრს ასე არ ესმის გარემოს დასუფთავება. ყრიან ხეების გასხეპვის შემდეგ დაგროვილ ნარჩენებს და ადიდებულ წყალს ყველ ამ გვირაბში შეაქვს. ვერ ატარებს და კი იჭედება. კი გაწმინდეს, მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანებმა ელემენტარული წესი ისწავლონ, დააგროვონ და დაწვან ეს ნარჩენები ან ისეთ ადგილზე დაყარონ, ადიდებულ წყალიც ვერ მიუდგეს? რა გითხრათ…
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ჭანიეთში, მერაბ ბერაძე „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ყველა ადამიანმა გაკეთებულს უნდა მოუაროს.
_წელს მართლა არ დატბორილა სახლები, მილხიდი კი გაიჭედა ნაკაფი ტოტებით და მალევე გამოვიძახეთ ტრაქტორი. რამდენიმე წუთში ამოწმინდა. უარესი მდგომარეობა გვქონდა გასულ წლებში. აქ იმდენი ნაკაფი და მოზრდილი ჯირკებიც ჩამოიტანა ადიდებულმა წყალმა, სამაშველო სამსახურის გამოძახებაც კი დაგვჭირდა. უყურადღებოდ როგორ დავტოვებ. როცა სტიქიაა, ღამეც გამითევია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, ბუნებას რომ ვერაფერს დააბრალებ და ადამიანები სრული დაუდევრობით ქმნიან სახიფათო მომენტებს. საყანე ფართობში რომ ხეებს კაფავ ან წმენდ, ხომ შეიძლება, ერთ ადგილზე მოაგროვო და დაწვა გახმობის შემდეგ. მაგრამ კალაპოტში გადაყრა ურჩევნიათ. ამ მილხიდთან სოფელში შემავალი გაზის მილიც გადის და ორმაგად სახიფათოა. უეჭველია, ყველა ოჯახის და ყანის მეპატრონის გაფრთხილება მოგვიწევს. ეს ისეთია, ადამიანს პირის დაბანა ასწავლო ზრდასრულ ასაკში. სირცხვილია… _ თქვა ბერაძემ.