2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგები ცნობილი, რაც პირველადი შედეგებისგან დიდად არ განსხვავდება.
როგორც ცნობილია, წინა საარჩევნო პერიოდში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი პრესასა და ინტერნეტ მედიას, ინტერნიუსი-საქართველო რადიო სადგურებს, ხოლო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სატელევიზიო არხებზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებსა და თოქ-შოუებს აკვირდებოდა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა განაცხადა, 2017 წლის არჩევნები არხების დიდმა ნაწილმა მიკერძოებულად გააშუქეს.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აკვირდებოდა მაუწყებლების მუშაობას წინა საარჩევნო პერიოდში. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლის არჩევნები მიკერძოებულად გააშუქეს არხების დიდმა ნაწილმა. გამოჩნდა, რომ არხების ნაწილი მიკერძოებული იყო მმართველი პარტიისადმი, არხების ნაწილი კი ოპოზიციური პარტიისადმი. მაგალითად, „ობიექტივი“ იყო „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ მიკერძოებული, ხოლო ყველაზე დიდი დოზით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს აშუქებდა „რუსთავი 2“. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოში მედია კვლავ პოლარიზებულია. კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის,რომ მაუწყებლებმა წინა საარჩევნო პერიოდი დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გააშუქონ“,_განაცხადა ძველიშვილმა.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მედია მკვლევარის, ზურაბ წურწუმიას თქმით, მთავარ პრობლემას, როგორც ონლაინ მედიაში, ასევე, ბეჭდურ მედიაში წარმოადგენს ის, რომ მედია არ აძლევს მკითხვევს ანალიზის საშუალებას.
„მედიამონიტორინგი 2011 წლიდან ტარდება ყველა არჩევნებზე. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა წინასაარჩევნოდ დაამონიტორინგა 12 გაზეთი, რომელთაგან 9 რეგიონალური, ხოლო 3 ცენტრალური იყო. რაც შეეხება, ამ ანგარიშის შედეგებს, აღსანიშნავია, რომ რეგიონალური გაზეთების უმეტესობაში შეინიშნება, რომ არ იყენებენ სიძულვილის ენას წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს, არიან მეტნაკლებად ნეიტრალურები. მთავარ პრობლემას გაზეთებისთვის წარმოადგენს, ის, რომ ხშირად ვხედავთ ცენტრალურ გაზეთებში სარეკლამო და სარედაქციო სტატიების გამიჯვნის პრობლემას. დადებით მხარედ შემიძლია შევაფასო, ის, რომ რეგიონული გაზეთები აშუქებენ რეგიონში პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს. ცდილობენ ადგილობრივი მაცხოვრებლების, მთავრობის და პოლიტიკური ჯგუფების აზრი გამოაქვეყნონ და აჩვენონ მკითხველებს. მთავარ პრობლემას როგორც ონლაინ მედიაში, ასევე, გაზეთებში წარმოადგენს, ის, რომ მედია არ აძლევს მკითხველს ანალიზის საშუალებას. არ ხდება საარჩევნო პროგრამების, კამპანიების, გეგმების სიღრმისეული ანალიზი, არ ისმის კრიტიკული კითხვები კანდიდატების თუ პოლიტიკური პარტიების მიმართ“,_ამბობს წურწუმია.
რაც შეეხება რადიო სადგურებს, ზურაბ თავბერიძის თქმით, რადიო სადგურები ამომრჩევლებს სიღრმისეულ ინფორმაციას არ აწვდიან.
„არის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ნარჩუნდება. ამომრჩევლამდე სიღრმისეული ინფორმაცია არ მიდის, რაც კრიტიკული კითხვების, არგუმენტირებული დისკუსიების ნაკლებობითაა გამოწვეული. ეს ეტაპი, ვფქირობთ, გადასალახია და უფრო შემდეგი ეტაპი ელოდება მედიამაუწყებელს. იმისთვის რომ ხარისხიანად იმუშაონ“,_ამბობს თავბერიძე.
ამავე თემაზე:
„გურია ნიუსში“ დაბეჭდილი სტატიები არ არის სუბიექტური და მიკერძოებული _ მედიამონიტორინგი