“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა მოიცავდა ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ რეგულირებად სამივე სექტორში (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალმომარაგება) მოქმედი ტარიფების ანალიზს.
ორგანიზაციის კვლევაში სხვადასხვა რეკომენდაციებთან ერთად, ხაზგასმულია კომპანიების მიერ მოზიდული ინვესტიციების დაცვის საკითხი და ამ მიმართულებით ის რისკები, რომლის წინაშეც დარგში მოქმედი კომპანიები დგანან. აფბას რეკომენდაციის თანახმად, კომპანიების განვითარების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს სამომხმარებლო ტარიფების დადგენა.
„ინვესტიციების დაცვის არსებული მიდგომა და სატარიფო რეგულირების პოლიტიკის ძირითადი პრინციპები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. კერძოდ, არის შემთხვევები, როდესაც კომპანიას თავისი საინვესტიციო გეგმების განსახორციელებლად შესაძლებლობა აქვს მოიზიდოს შესაბამისი ფინანსური რესურსი. თუმცა, კომისიის მხრიდან ტარიფის უცვლელად დატოვების, ანუ სახელმწიფოს მხრიდან „სოციალური ტარიფის“ შენარჩუნების მიზნით, არ ხდება კომპანიების მიერ წარდგენილი საინვესტიციო გეგმების სრულად გაზიარება. როგორც ზევით აღინიშნა, აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კომპანიების განვითარების კუთხით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოიძებნოს „ოქროს შუალედი“ ინვესტიციების დაცვის, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და მოსახლეობის ინტერესებს შორის. შესაბამისად, უმჯობესი იქნება გადაიხედოს პოლიტიკა და ადეკვატური ტარიფების დაწესების პარალელურად, განხორციელდეს მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისთვის ტარიფის სუბსიდირება“, _ აღნიშნულია აფბას კვლევაში.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მარეგულირებლის მიერ დადგენილი ტარიფი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც მომხმარებლის, ისე კომპანიების ინტერესები.
„რეგულირების ქვეშ მოქცეული კომპანიების მხრიდან, კომისიის დამოკიდებულების მიმართ გარკვეული შენიშვნები არსებობს. კერძოდ, კომპანიების ნეგატიური დამოკიდებულება შეინიშნება გაწეული ხარჯების ტარიფში არ ასახვის მიმართულებით. კომპანიებს არაერთხელ გამოუთქვამთ მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, კომისიის მიერ არ ხდება ყველა ხარჯის ტარიფში ასახვა, რაც, თავის მხრივ, კომპანიების განვითარებას მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ კომისია კომპანიების განვითარების ხარჯზე ცდილობს ე.წ. „სოციალური ტარიფების“ შენარჩუნებას“, _ ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, ასევე ხაზგასმულია მარეგულირებელი კომისიის სატარიფო მეთოდოლოგიის შესახებ.
„რეგულირების ეფექტური მეთოდოლოგია მაქსიმალურად უნდა გამორიცხავდეს კომისიის წევრების მხრიდან პირადი შეხედულებების მიხედვით, დისკრიმინაციულ მიდგომებს. ამასთან, ინსტიტუციურად გამართული მეთოდოლოგიის მთავარი ხიბლი კომისიაზე პოლიტიკური გავლენის რისკის შემცირება და კომპანიების ინტერესების ხარჯზე ე.წ. „პოლიტიკური ტარიფის“ დაწესების აღმოფხვრა უნდა იყოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გააუმჯობესა დამოკიდებულება, რაც ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია“, _ წერია აფბას კვლევაში.