ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად ნატალია ხომერიკი 12 დეკემბერს დანიშნა.
თუმცა, როგორც „გურია ნიუსისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, დანიშვნიდან მეორე დღეს _ 13 დეკემბერს ახალი ბრძანება დაიწერა და ხომერიკი სამსახურის უფროსობიდან განყოფილების უფროსად გადანიშნეს.
მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ლაშა თავაძის თქმით, გადანიშვნის ბრძანება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად დაიწერა. თავაძე კანონის შესაბამის მუხლს ვერ გვისახელებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ეს მობილობის წესით მოხდა.
კითხვაზე _ რა შეიცვალა ერთ დღეში და რის საფუძველზე მოხდა სამსახურის უფროსის გათავისუფლება და დაქვეითება, თავაძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს:
_ როგორც ვიცი ქალბატონ ნატოს და მერს შორის შეთანხმება მოხდა და შესაბამისად, დაიწერა ახალი ბრძანება, _ განმარტავს იურიდიული სამსახურის უფროსი.
ნატო ხომერიკი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ არანაირი შეთანხმება არ მომხდარა. უფრო მეტიც, სამსახურის უფროსობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ხომერიკმა ჩვენგან გაიგო:
_ ვერაფერს გეტყვით. მე ვიცი, რომ 12 დეკემბერს დავინიშნე სამსახურის უფროსად. დანარჩენზე კი არაფრის თქმა არ შემიძლია. თქვენგან მესმის, რომ დამაქვეითეს, _ გვითხრა ხომერიკმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და შესაბამისად უცნობია რის საფუძველზე მიიღო შარაშენიძემ ეს გადაწყვეტილება.
ჩვენი წყაროს თქმით, ამის მიზეზი წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებაა:
_ არჩევნების წინ, შარაშენიძე ამ ადგილს ვოვა კუნჭულიას დაპირდა დახმარების სანაცვლოდ, თუმცა, ეს პირობა არ შეასრულა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ნატო ხომერიკი დანიშნა, დაპირება შეახსენეს და პასუხიც მოსთხოვეს. შარაშენიძემ სხვა გამოსავალი ვერ იპოვა, ხომერიკი დააქვეითა და ახლა სამსახურის უფროსად კუნჭულიას ნიშნავს, _ გვითხრა წყარომ.
ჩვენ დეტალების გადამოწმებას ვოვა კუნჭულიასთანაც შევეცადეთ, თუმცა მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ ნატალია ხომერიკი ერთ-ერთი პროფესიონალი კადრია და წლებია კულტურის სფეროში მოღვაწეობს. მისი ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიებები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ხომერიკი გასული 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს და ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ ხომერიკის აქტიური მუშაობით არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გაიცნო და შეიყვარა ხალხმა.