პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში ახალი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გამოეხმაურა. როგორც ის აცხადებს, საპენსიო სისტემის ახალ მოდელში უამრავი კითხის ნიშანი არსებობს, რაც, მისი თქმით, საქართველოსთვის, ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, სრულიად შეუსაბამოა. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, დღეს პენსია, რომელიც 180 ლარია, საარსებო მინიმუმთან შედარებით, მკვეთრად დაბალია.
,,ქართული ოცნების“ დაპირება იყო, რომ პენსიები საარსებო მინიმუმამდე მაინც გაიზრდებოდა, მაგარამ დაპირების შესრულებას რომელ წელს აპირებენ, ჩვენთვის არ უთქვამთ. სამომავლოდ, უკეთესი იქნებოდა, დაპირებები დროში გაწერილი ყოფილიყო. ,,ქართული ოცნება“ ამბობს, რომ სახსრები მივმართეთ ისეთ სექტორში, რომელიც შემოსავალს გაზრდის, რაც პენსიის მომატების საშუალებას მოგვცემსო. კი, ბატონო, ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ როდის? უნდა აღვნიშნო ისიც, რომ საპენსიო დაგროვებითი რეფორმაში ბევრი კითხვის ნიშანია. მაშინ, როცა ქვეყანაში დაბალია ხელფასები და უამრავი ადამიანი უმუშევარია, როგორ აისახება ასეთი ტიპის ადამიანებზე ახალი დაგროვებითი სისტემის რეფორმა? ზოგჯერ, ადამიანს თვიდან თვემდე არ ჰყოფნის ანაზღაურება და კიდევ ხელფასიდან გარკვეული თანხა რომ ჩამოეჭრება სრულიად გაუგებარი ვითარება შეიქმნება. საქართველოში არსებული შრომის ანაზღაურების ფონისთვის საპენსიო დაგროვებითი რეფორმის შემოღება ბოლომდე არ არის გააზრებული. გათვალისწინებული არ არის, დასავლეთში ამ მოდელის ამოქმედება რა სიდიდის ხელფასთან არის მიბმული. ვიცით, რომ დღეს ხელფასი 180 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამომხმარებლო კალათის მინიმუმი უფრო მაღალია, ვიდრე საპენსიო ანაზღაურება.
შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე ახალი დაგროვებითი საპენსიო რეფორმის კანონ-პროექტის მიღებაა გათვალისწინებული.