იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციურ კანონის პროექტს მეორე მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირა. კონსტიტუციური კანონის პროექტზე, რომელზეც დღეს მუხლობრივად იმსჯელეს, დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.
,,გუშინ საღამოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან დამატებითი განხილვები შედგა. შევჯერდით გარკვეულ პოზიციაზე. იუსტიციის სამინისტროს პირვანდელი შემოთავაზება იყო, შემოგვეღო ე.წ. სამწვეროვანი ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადმოდის ევროკონვენციის სტანდარტი, თუმცა ამით ჩარევის საფუძველი ფართოვდება, რაც პირადად ჩემთვისაც არის მიუღებელი, ისევე, როგორც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისათვის. რჩება ცალსახად ოთხი პირობა, რომელიც ინფორმაციის გასაჯაროვებას გამორიცხავს. ეს არის: სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. უფრო მეტიც, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის, ინფორმაციის აღიარების პირობები და საფუძვლები. იყო საუბარი და აზრთა სხვადასხვაობა სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომ სამართალწარმოების ინტერესებს საფრთხე არ შექმნიდა და ეს ინტერესიც არის ასახული ახალ რედაქციაში”, _ განაცხადა კობახიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მე-18 მუხლში ცვლილების შეტანა დეპუტატთა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა. როგორც მმართველი გუნდის წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა, მე-18 მუხლთან დაკავშირებული საკითხის განხილვა უფრო მეტ დაფიქრებას საჭიროებს. ნინო გოგუაძეს საკითხთან დაკავშირებით, კითხვები აქვს იუსტიციის სამინისტროსთან.
,,დღევანდელმა განხილვამაც აჩვენა, რომ ასეთი ცვლილებები უფრო მეტ განხილვას საჭიროებს. მე, როგორც პარლამენტის წევრს, მეტად მჭირდება დაფიქრება, იმიტომ, რომ ერთი წლის განმავლობაში არ გვქონია მსჯელობა ამ თემაზე. უფრო მეტი დროა საჭირო, რათა გავიაზროთ რა მოჰყვება ამ ნაბიჯებს. მე იუსტიციის სამინისტროსგან მოვისმენდი, რამ განაპირობა ამ საკითხის ინიცირება. როდესაც ასეთი ტიპის საკითხებს ვიღებთ ძალიან ბევრი ალტერნატიული ინფორმაცია უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ სწორად მივიღოთ გადაწყვეტილება. ერთსაათიანი განხილვა საკმარისი არ არის“, _ განაცხადა ნინო გოგუაძემ.