პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტი “მაუწყებლის შესახებ” კანონპროექტს ვეტოს დაადებს, პარლამენტი გადაწყვეტილებას უკვე მოტივირებული შენიშვნებიდან გამომდინარე მიიღებს.
“თუ პრეზიდენტი ვეტოს დადების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ შენიშვნებს გამოუგზავნის პარლამენტს. თუკი პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ პირველ რიგში ამ შენიშვნებს ჩავხედავთ და თუ პარლამენტისთვის მისაღებია, არ არის გამორიცხული ეს შენიშვნები გავითვალისწინოთ”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატებს შორისაც იყო აზრთა სხვადასხვაობა. “მაუწყებლის კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტშიც ბევრი დისკუსია იყო. პირველ ვარიანტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს და ბევრი რამეც შეიცვალა. არის საკითხები, რომელიც ბოლომდე, მათ შორის ჩვენი კოლეგების მხრიდანაც სახელდებოდა, როგორც პრობლემა. მათ შორის არის კომერციული რეკლამისა და სტარტაპების ნაწილი, მაგრამ რადგან მოლაპარაკებების დროს ბევრი შენიშვნა იყო გათვალისწინებული და კანონპროექტი თვისობრივად გადამუშავდა, ამიტომ პარლამენტმა თავისი პოზიცია გამოხატა და მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ის ხელს მოაწერს თუ არა კანონპროექტს,”- დასძინა პარლამენტის ვიცესპიკერმა.
პარლამენტმა ხმაურის შემდეგ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს მაუწყებლობის შესახებ. თუმცა ამ დრომდე სადავო რჩება მთავარი საკითხი – უნდა შეეძლოს თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს დღის განმავლობაში კომერციული რეკლამის განთავსება და სტარტაპების დაფინანსება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მხარს უჭერს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც მათი შეფასებით, მიმართულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატებულ, რეიტინგულ მაუწყებლად გარდაქმნაზე.
imedinews.ge