საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით, კონსულტაციები საშემოდგომო სესიის დროს დაიწყო. როგორც კობახიძე აცხადებს, ახალი ფრაქციების შექმნა მენეჯმენტის რაციონალიზაციას ემსახურება.
“ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია გითხრათ, დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები დაიწყო ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს. ჩვენ ვსაუბრობდით ორი დამატებითი ფრაქციის შექმნაზე იმისათვის, რომ უფრო მარტივად განხორციელდეს მენეჯმენტი უმრავლესობის შიგნით. ეს ემსახურება მენეჯმენტის რაციონალიზაციას უმრავლესობაში და ამ მიზნით საუბარია დამატებით ფრაქციების შექმნაზე. მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არ აქვთ არავითარი საფუძველი, ეს შემიძლია ძალიან თამამად გითხრათ, ამას არ სჭირდება პლენარული სხდომა, ესაჭიროება ბიუროს სხდომაზე დამტკიცება, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე შეიქმნება ორი დამატებითი ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობაში. კონსულტაციები, უკვე შემდგარია, მიღებული გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილება ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით, შემადგენლობასთან, ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და ამის საუძველზე მიიღება უკვე საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს მიერ“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.