“თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავშემკრები კონტეინრების დაცლას ღამის საათებში, მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს“, _ ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ და 32 ქუჩაზე, 400-მდე ნაგავშემკრებ კონტეინერებს დაცლიან. ეს არის 4-წლიანი პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც მერია, საზოგადოებრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ახორციელებს.
,,ღამის გრაფიკზე გადასვლა, საპილოტე პროექტის ფარგლებში გახორციელდება და თავდაპირველად, ვაკის პარკიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე ლოკაციას და აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ, როგორც ცენტრალურ, ასევე, შიდა ქუჩებს მოიცავს. რკინის კონტეინერები კი, პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერებით შეიცვლება, რაც დაცლისას ხმაურს არ გამოიწვევს. რაც შეეხება თბილისის სხვა უბნებს, აღნიშნული პროექტის გასახორციელებლად, ჯერ უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, რაზეც მერია მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ
მისივე განმარტებით, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, იგეგმება სამარშუტო ტაქსებისა და დისტრიბუციის მანქანებთან დაკავშირებით მსგავსი პროექტის გახორციელება.