თბილისში მდებარე ჭრელი აბანოები, კახური ღვინო, აჭარული ხაჭაპური და ქართული სტუმართმოყვარეობა EURONEWS-ის ობიექტივში მოხვდა.
როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, ჭრელი აბანოები, სადაც მიწიდან ამოსული გოგირდოვანი წყლის ტემპერატურა 42 გრადუსს შეადგენს, თბილისის ერთ-ერთი ცნობილი ადგილია.
ბევრ ცნობილ მოგზაურს, მათ შორის ალექსანდრე დიუმას უყვარდა იქ ყოფნა.
„ეს გაძლევს ენერგიას. ყოველ ჯერზე როცა საქართველოში ვარ, ჯერ აბანოში მოვდივარ, შემდეგ საკვებს ვაგემოვნებ და მივდივარ“_ამბობს ერთ-ერთი რუსი ტურისტი, იულიანა.
EURONEWS-თან საუბარში კი ტურისტების გიდი დიმიტრი ოსიტაშვილი აღნიშნავს, როგორ ეწოდა თბილისს სახელი.
„ჩვენი ლეგენდარულ ქალაქის სახელი ამ გოგირდოვანი წყაროებიდან გამომდინარეობს, რადგან თბილისი ითარგმნება როგორც „თბილი ადგილი“,_ამბობს ის.
მაუწყებლის ინფორმაციით, იულიანა შეყვარებულია საქართველოზე და ამჯერად მეგობართან ერთად სტუმრობს.
საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი წელიწადში 7 მილიონს აღწევს, რაც ქვეყნის მოსახლეობის გაორმაგებული რაოდენობაა.
ტურისტები ქვეყანაში 12 000-მდე ისტორიული და კულტურული ადგილი იზიდავთ.
„ჩვენ 4-ვე სეზონზე შეგვიძლია ტურისტების მიღება. ზამთრის დაწყებიდან შეგიძლიათ , თხილამურებით სრიალი მაღალ მთებში, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთსესო ფერდობებია ევროპაში. ზაფხულში შავ ზღვაზე შეგიძლიათ ცურვა, შემოდგომაზე კი კახეთის ღვინის მოსავლის დაგემოვნება“,_ამბობს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი.
EURONEWS-ის რეპორტიორი, გალინა პოლონსკაია კახეთში ერთ-ერთ ახალ ადგილობრივ ღვინის ცენტრსაც ესტუმრა.
როგორც მაუწყებელი აღნიშნავს ღვინის ცენტრის მფლობელი გერმანიიდან ჩამოვიდა. პარტნიორობას კი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილობრივი მეღვინე უწევს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ღვინო აღმოჩენილი საგანძურია.
„საქართველოში 500 სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. გვაქვს დიდი ნიადაგი და კლიმატი, რომელიც ქმნის უნიკალურ პირობებს ქართული ღვინის დაყენებისთვის“,_ამბობს მეღვინე დავით მაისურაძე.
„უნიკალური ჯიშის ყურძნები, რომლებსაც ვერ იპოვნით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, მწვანე ეს ყურძნის ჯიშეგი უზარმაზარი პოტენციალია“,_ამბობს კახეთის ღვინის ცენტრ „მოსმიერის“ მფლობელი იოგ მათისი.
როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, დედამიწაზე პირველი ღვინო წარმოიქმნა ამ მიწაზე, თიხის ჭურჭელ ქვევრში, რომელიც მიწაშია ჩაფლული. ძველი მეთოდით ღვინის წარმოება საქართველოში ფართოდ ხდება.
მაუწყებლის ჟურნალისტი ქვევრის გახსნის ცერემონიასაც დაესწრო.
„მეცნიერულად დადასტურებულია, რომ აქ ხალხი ღვინოს 8 000 წელზე მეტია აყენებს. ქართველების მიერ ღვინის დაყენების მეთოდოლოგია განსაკუთრებულია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია“, _ ამბობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი ჩოგოვაძე.
“ხარებას” გვირაბი 7 კილომეტრის სიგრძისაა და მთელი წლის განმავლობაში 14 გრადუსი ტემპერატურა ნარჩუნდება. აქ არის ათასობით ბოთლი სხვადასხვა ღვინო. ის ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.
„ღვინო ძალიან კარგია. ვიცი, რომ მსოფლიოში ბევრი სცემს პატივს და აფასებს. რა თქმა უნდა, საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია“, _ ამბობს ნიუ იორკში წმინდა დიონისეს მონასტრის არქიმანდრიტი, მაქსიმოსი.
რუსმა ტურისტებმა იულიანა და ვალენტინამ კიდევ ერთი ქართული საგანძური აღმოაჩინეს. ამჯერად მათ რესტორან “ტაბლაში” აჭარული ხაჭაპური დააგემოვნეს, რომელსაც ნავის ფორმა აქვს, ცომში კი ყველი და კვერცხია მოთავსებული.
მაუწყებელი, ასევე, აღნიშნავს, რომ ტურისტებისთვის კარგად არის ნაცნობი ქართველების სტუმართმოყვარეობა. ისინი მიიჩნევენ, რომ სტუმარი ღვთისგან მოდის.