ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსზე“ იწყებს მუშაობას, რომელშიც განსაზღვრულია პარლამენტის წევრის ქცევის წესები. დადგენილების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია.
პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელი იქნება შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება.
წარმოდგენილი პროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირინა ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, გიორგი კახიანი, კახა კუჭავა და გუგული მაღრაძე.
შეგახსენებთ, ეთიკის კოდექსი არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას. ეთიკის კოდექსი, ასევე, განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, რომელთაც განიხილავს ეთიკის საბჭო, კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტების არსებობის შემთხვევაში, თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე.საპარლამენტო უფლებამოსილების გახორციელებისას პარლამენტის წევრი ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: კანონიერება და ერთგულება, თანასწორობა, კეთილსინდისიერება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა.