გასულ კვირას, სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნათია ხუცურაულმა პოსტი გამოაქვეყნა. ხუცურაულის თქმით, ბუკისციხის საჯარო სკოლის შენობას დანგრევა ემუქრება.
“რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში გაჟღერდა ინფორმაცია აღნიშნული სკოლის სასწრაფოდ დანგრევის აუცილებლობის შესახებ.
სკოლის სასწრაფოდ დანგრევის აუცილებლობა არაკომპეტენტური პირების დასკვნის საფუძველზე იქნა გავრცელებული. სამხარაულის დასკვნაში სკოლის სასწრაფოდ დანგრევასთან დაკავშირებით საუბარი არ არის და დღეის მდგომარეობით ფიქსირდება II-III ხარისხის დაზიანებები კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც მიეკუთვნება მეორე კატეგორიას, რაც ნიშნავს შენობა-ნაგებობის დაბალი რისკის ფაქტორს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ არც ერთ გეოლოგს არ შეუმოწმებია სკოლის მდგომარეობა და ამჟამად არ არსებობს გეოლოგიური დასკვნა.
ამ სკოლას აქვს დიდი ისტორია, ამ სკოლაში სწავლობდა უამრავი ადამიანი, რომელსაც უყვარს და ადარდებს სკოლის ბედი და ამ სკოლის კედლებს უკავშირდება თითოეული კურსდამთავრებულის მოგონებები.
დღესდღეისობით, როდესაც უამრავი საშუალება არსებობს პრობლემის არსის დასადგენად, ასე ვიღაცის სიტყვით, პირადი ინტერესით, გასაიდუმლოებული მოქმედებებით და სურვილით ისტორიული მნიშვნელობის სკოლის დანგრევა არის პირდაპირი დანაშაული, სოფლის, სკოლის მოსწავლეების, რაიონის და ზოგადად ქვეყნის წინაშე.
მინდა იცოდეთ, რომ “ზოგიერთები” იქამდე დაეცა, მუქარა-ზეწოლაც არ დაიშურა და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, პედაგოგებს, პოლიციის ძალით სკოლიდან გაყვანითაც კი დაგვემუქრა. შემდეგ მე მომმართა და მითხრა, რომ, თურმე, ბუკისციხის სკოლის ბედი ჩემი საქმე არ არის.
ჩვენი სკოლის გულშემატკივარნო, მინდა შეგახსენოთ, ჩვენ იმ პედაგოგების რიცხვს მივეკუთვნებით, რომლებმაც გამოვიარეთ შიმშილი, უშუქობა, სიცივე, უხელფასობა, სირთულეები და არასოდეს გვიღალატია ჩვენი სკოლისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. იცით რამ მოგვიყვანა აქამდე? უანგარო სიყვარულმა, ერთსულოვნებამ და ერთმანეთის გვერდით დგომამ.
გთხოვთ, გონს მოეგოთ და ისედაც მიგრაციულ სოფელს არ წაართვათ მომავალი! გამდიდრების მანიით შეპყრობილ ადამიანებს არ უნდა მივცეთ მსგავსი ქმედებების გახორციელების საშუალება და არასაიმედო დასკვნებს ბრმად არ უნდა ვენდოთ!
თითოეული ჩვენთაგანის უფლებაა, მოვითხოვოთ საიმედო დასკვნები სკოლის რეალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოვძებნოთ პრობლემის აღმოფხვრის ალტერნატიული გზები.
თითოეულ თქვენგანს, ვისაც გადარდებთ ამ სკოლის ბედი, მოგმართავთ თხოვნით, ჩაერთოთ და დაგვეხმაროთ სკოლის (ნამდვილად) დანგრევის საჭიროების გარკვევაში, რათა თავიდან ავიცილოთ კონკრეტული პირების ინტერესები და სავალალო შედეგები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ _ რატომ?” _ წერს ნათია ხუცურაული.
ამ პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა _ ფეისბუქპოსტების ავტორების აბსოლუტური უმრავლესობა სკოლის დანგრევას ეწინააღმდეგება, ამ ფაქტს “ვიღაცის პირად დაინტერესებად” მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სკოლის დანგრევა იმას სურს, ვინც “მერე ტენდერით მოიპოვებს ახალი სკოლის მშენებლობის უფლებას”.
ნათია ხუცურაული არც საკუთარ პოსტში და არც “გურია ნიუსთან” საუბრისას არ აკონკრეტებს “ვიღაცის” ვინაობას. სამაგიეროდ, ასახელებს, თუ ვინ დაემუქრა პედაგოგებს.
მისი თქმით, ინფორმაცია სკოლის შესაძლო დანგრევის შესახებ სოფელში მანამდე გავრცელდა, სანამ სკოლას განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრებოდნენ და სამხარაულის ექპერტიზის დასკვნა გახდებოდა საჯარო:
_ სოფელში ითქვა და ჩვენც დავინტერესდით, რის საფუძველზე და ვინ გადაწყვიტა ეს საკითხი, _ ამბობს ხუცურაული, თუმცა, მისივე ინფორმაციით, განათლების სამინისტროს შენობის შესწავლის და რემონტის თხოვნით არაერთხელ თავად სკოლის ადმინისტრაციამ მიმართა.
_ სამი წლის განმავლობაში ვითხოვდით დახმარებას _ შემოწმებას, რემონტს, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. არჩევნების წინა პერიოდში, როგორც იქნა, მოვიდნენ განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლები, სკოლაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და შემოწმება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთეს. როგორც გავარკვიეთ, სამხარაულის ექპერტიზის ბიურომ დასკვნა ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს 1 დეკემბერს გამოუგზავნა. ჩვენთვის კი ცნობილი გახდა 13 დეკემბერს. ამ დასკვნაში არ წერია, რომ უნდა დაინგრეს. აქ წერია, რომ გეოლოგიური სამუშაოებია ჩასატარებელი. თუმცა, ამის მიუხედავად, რესურსცენტრის დირექტორი შორენა სიხარულიძე 13 დეკემბერს გვეუბნება, რომ სასწავლო პროცესი უნდა შევწყვიტოთ და მოვძებნოთ ალტერნატიული ფართი. ბუნებრივია, დავინტერესდით ეს რატომ უნდა გავაკეთოთ, როცა დასკვნაში არსად არ წერია, რომ შენობაში გაჩერება საშიშია. ამავე დროს, გარკვევით არის მითითებული, რომ გეოლოგიური სამუშაოებია ჩასატარებელი. გარდა ამისა, თუკი 1 დეკემბერს იცოდა, რომ საშიში იყო იქ სწავლა, 13 დღე რატომ მალავდა ამ ამბავს და რატომ არ გაგვაფრთხილა დასკვნის მიღებისთანავე? როდესაც ქალბატონ შორენას ეს კითხვები დავუსვით, გაღიზიანდა და მუქარაზე გადავიდა. გვითხრა, რომ თუ შენობას არ დავცლიდით, მას ჰქონდა უფლება, რომ პოლიციის ძალით გავეყვანეთ. გვითხრა ისიც, რომ შეეძლო მიეწერა სამინისტროსთვის, გამოეყოთ ტრანსპორტი და ჩვენი სკოლის მოსწავლეები სხვა სკოლებში გადაენაწილებინათ. როცა ვიკითხეთ, რა ბედი ეწეოდათ პედაგოგებს, პასუხი არ ჰქონდა. ჩვენი ბედი არავის ადარდებს და არც ის, რომ საუბარია მცირეკონტიგენტიან სკოლაზე, მიგრაციულ სოფელზე, _ აღნიშნავს ხუცურაული.
მისივე თქმით, მუქარა-ზეწოლის ფაქტებზე შინაგან საქმეთა ორგანოებისთვის არ მიუმართავს:
_ ახლა უფრო მნიშვნელოვანი საქმით ვართ დაკავებულები. გვსურს, გავარკვიოთ, ვის ინტერესებში შედის სკოლის დანგრევა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ამასაც არ დავტოვებ რეაგირების გარეშე. სხვათა შორის, ერთ-ერთი უწყებიდან დამირეკეს და დაინტერესდნენ ჩემი პოსტით, _ აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.
ნათია ხუცურაული “დაინტერესებულ უწყებას” არ ასახელებს და არც იმას ამბობს, ვის გულისხმობდა “გამდიდრების მანიით შეპყრობილ ადამიანებში”:
_ ამ საქმით ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული _ მთელი სოფელი, კოლექტივი. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. ახლა ვარკვევთ, რა ხდება, ვის სურს სკოლის დანგრევა, რომ მერე ტენდერი მოიგოს და ფული იშოვოს. ამას არ დავუშვებთ და სიმართლეს აუცილებლად გავარკვევთ, რომელსაც ყველას გავაგებინებთ, _ ამბობს ხუცურაული.
კითხვაზე _ არსებობს თუ არა კონკრეტული ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ სკოლა უნდა დაინგრეს, ხუცურაული ასე გვპასუხობს:
_ ასე კონკრეტულად არა. სიხარულიძემ თქვა, რომ არის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც ახალი სკოლის აშენება უფრო იაფია, ვიდრე არსებულის შერემონტება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არსებობს გეოლოგიური დასკვნა, რომლის აუცილებლობაზეც სამხარაულის დასკვნაშიც არის საუბარი. ამავე დასკვნაში წერია, რომ საუბარია II-III ხარისხის დაზიანებაზე, რომელიც არ ნიშნავს სახიფათოს. ჩვენ ნაცნობ გეოლოგებს ვკითხეთ და ასე აგვიხსნეს, _ დასძენს ხუცურაული.
ხუცურაულის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი შორენა სიხარულიძე. მისი თქმით, არც ხუცურაულს და არც არავის დამუქრებია. მხოლოდ პედაგოგებს ესაუბრა იმ პროცედურაზე, რაც კანონის შესაბამისად არის ჩასატარებელი; ასევე, საფრთხეზე, რომელიც, შესაძლოა, მოსწავლეებს და პედაგოგებს დაზიანებულმა შენობამ შეუქმნას. რაც შეეხება დასკვნას; რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დასკვნა სკოლას მიღებისთანავე გადაუგზავნა:
_ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებმა, რომლებიც სტუმრობდნენ სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, სკოლის დათვალიერების დროს შეამჩნიეს შენობის მარჯვენა ნაწილის მოცულობითი დეფორმაცია, ბზარები და გადახურვის ფილების წაცურება საყრდენი რიგელებიდან. ამის შემდეგ, შენობის დეტალური კვლევის მიზნით, თავად მიმართეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ამასთან, თხოვდნენ დაედგინათ შენობის აღდგენის რენტაბელურობა და გაეცათ პასუხი შეკითხვაზე: არის თუ არა აუცილებელი სკოლის შენობაში სასწავლო პროცესის შეწყვეტა.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა #006881417, რომელშიც აღნიშნულია, რომ “სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბუკისციხის საჯარო სკოლის სამსართულიანი შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა კონსტრუქციული თვალსაზრისით არადამაკმაყოფილებელია, მისი საექსპლოატაციო მედეგობა დაქვეითებულია. როცა საუბარია ბავშვების უსაფრთხოებაზე, მათ სიცოცხლეზე, ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სკოლაში ვინმეს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ჩემთვის გაუგებარია საიდან მოდის ეს ყველაფერი _ საუბარიც კი არ ყოფილა სკოლის დანგრევაზე, მით უმეტეს _ ტენდერზე, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას შორენა სიხარულიძე.
მისივე თქმით, “ერთ-ერთმა პედაგოგმა _ ხუცურაულმა სკოლაში გამართული შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ სამხარაულის დასკვნას არ ენდობა”:
_ ჩვენ რა უფლება გვაქვს, არ ვენდოთ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, სადაც გარკვევით წერია, რომ მიზანშეწონილია შეწყდეს სასწავლო პროცესი, რადგან არსებობს “შენობის გარკვეული ნაწილების ნგრევის საშიშროება და ნებისმიერი სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ბავშვების დაცვა უბედური შემთხვევისგან დიდ სირთულეს წარმოადგენს”?!!
გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროა ჩატარდეს შენობის დეტალური და გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მდგომარეობის შესწავლის მიზნით, რათა მიღებული შედეგების მიხედვით შედგეს გამაგრება-გაძლიერების პროექტი, რის საფუძველზეც მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია. უსაფრთხოების მიზნით კი, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ვარიანტის შემთხვევაში, მიზანშეწონილია სასწავლო პროცესის შეწყვეტა.
ამავე დასკვნაში, შავით თეთრზე წერია, რომ II ხარისხის დაზიანება ნიშნავს იმას, რომ შენობის საექსპლოატაციო მედეგობა დაქვეითებულია და ექვემდებარება გამაგრებას დეტალური გამოკვლევების საფუძველზე დამუშავებული რეკონსტრუქციის პროექტით. აქვე არის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, სამუშაოების მოცულობის და მასშტაბურობიდან გამომდინარე, მთლიანი შენობის აღდგენა-გაძლიერება არარენტაბელურია, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება აშკარად გადააჭარბებს ახალი სკოლის მშენებლობის ღირებულებას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სკოლის დაზიანებული ნაწილის დაშლა და დარჩენილი ნაწილის გამაგრება-რეაბილიტაცია, ტორსის კედლის და დაშლილი დარბაზის სამაგიეროდ ახალი სპორტული დარბაზის აშენებით და დარჩენილი ნაწილის ნებისმიერ ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად აუცილებელი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებით, სკოლის რეაბილიტაცია მაინც არარენტაბელური იქნება, მაგრამ მთლიანი შენობის რეკონსტრუქციასთან შედარებით დახარჯული იქნება ნაკლები რაოდენობის თანხები.
აქვე დაკონკრეტებულია, რომ “ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიზანშეწონილია სასწავლო პროცესის შეწყვეტა, რადგან არსებობს შენობის გარკვეული ნაწილების ნგრევის მაღალი საშიშროება და ნებისმიერი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს, ბავშვების დაცვა უბედური შემთხვევებისგან დიდი სირთულეს წარმოადგენს.”
ამ ყველაფრით დასტურდება, რომ სკოლის გაუქმების, შენობის დაშლის, ტენდერის და ა. შ., საუბრის თემები ყოველივე საფუძველს მოკლებულია და აცდენილია რეალობას, _ ამბობს შორენა სიხარულიძე, რომელმაც მისი სიტყვების დასტურად, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მოგვაწოდა.
როგორც აღმოჩნდა, დასკვნას კარგად იცნობს ბუკისციხის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა მახარაძეც, რომელიც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მეორე ხარისხის დაზიანება საფრთხის შემცველი არ არის და ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოიძია.
_ ჩვენთვის ეგ იყო ძალიან დიდი შოკი. ვიცოდით, რომ სკოლა დაზიანებული იყო, მაგრამ ვფიქრობდით, იყო გარემონტების ქვემდებარე. გაჩნდა რამდენიმე ვარიანტი _ შესაძლოა, გარემონტდეს; შესაძლოა, ნახევარი შენობა დარჩეს; შესაძლოა, დაინგრეს და აშენდეს ახალი შენობა.
_ ქალბატონო ციალა, დასკვნაში წერია, რომ უნდა დაინგრეს და ახალი უნდა აშენდეს?
_ სამხარაულის დასკვნა რომ მოვიდა, იქ წერია, რომ ეს არის მეორე კატეგორიის დაზიანება. სამწუხაროდ, მაშინ არ ვიცოდი, რომ მეორე კატეგორიის დაზიანება ნაკლებ საფრთხის შემცველი იყო. მერე მოვიპოვე ინტერნეტში ეს ინფორმაცია.
შენობის დანგრევის შესახებ გარკვეული ეჭვები გამოიწვია იმან, რომ სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებინა შენობა.
_ რა ეჭვი გაქვთ?
_ ის, რომ შენობიდან როცა გამოვიდოდით, მაშინვე დაანგრევდნენ ამ შენობას _ რატომღაც გაიჟღერა ამ ინფორმაციამ.
_ ვინ თქვა, რომ როგორც კი გამოხვალთ, სკოლა დაინგრევა?
_ კონკრეტული არ ყოფილა ასეთი, მაგრამ ითქვა ზეპირი განმარტებით, რომ ამ შენობის რეაბილიტაცია უფრო ძვირია, ვიდრე ახლის აშენება. ჩვენ წელში ვართ გატეხილი იმიტომ, რომ ბავშვები ცოტა გვყავს. თუმცა, ამ მცირე რაოდენობის ბავშვების უკან მთელი სოფელი დგას, ძალიან ტრადიციული და ძლიერი სოფელი.
ამის შემდეგ დავრეკეთ შესაბამის ორგანოში და დაგვრთეს უფლება, რომ ეს ორი კვირა გავჩერდეთ სკოლაში და ვეძებოთ ალტერნატიული ფართი.
_ კონკრეტულად ვისგან გაქვთ ნებართვა? _ ამ კითხვაზე მახარაძემ პასუხი არ გაგვცა.
_ როგორც კი დაიდება გეოლოგიური დასკვნა, მივიღებთ გადაწყვეტილებას. სამუშაოს დაწყების შემთხვევაში გამოვალთ სკოლის შენობიდან.
_ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს გადახურვის ფილების დაცურება _ ეს შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, სტიქიამ…
_ შენობას დაზიანების მეორე კატეგორია მიანიჭეს და ეს არაა საფრთხის შემცველი.
_ ქალბატონო ციალა, სკოლაში ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს. როგორც გავარკვიეთ, სკოლა სარეაბილიტაციო პროგრამაში ამ დრომდე იმიტომ ვერ მოხვდა, რომ თითქმის 4 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა სკოლის იურიდიულ პირად დარეგისტრირება…
_ ჰო, რაღაც პროცედურები და პრობლემა იყო და ახლა უკვე დავრეგისტრირდით. ვხვდები, საითკენაც მიგყავთ საუბარი (?!), მაგრამ მე მივწერე სამინისტროს, რომ სკოლაში ბზარები იყო და ჩემი წერილის საფუძველზე მოვიდნენ შემოწმებაზე, _ ამბობს სკოლის დირექტორი.
როგორც “გურია ნიუსისთვის” მოწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, განათლების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ უკვე დაუკვეთა ბუკისციხის საჯარო სკოლის შენობის დეტალური კვლევა.
სააგენტოს მიერ, 14 დეკემბერს ჩოხატაურის რესურსცენტრისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ სააგენტო “სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის შენობის დაზიანებული ნაწილი დაშლის და დარჩენილი ნაწილის გამაგრების პროექტის დამუშავებას უკვეთავს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და კვლევით სამუშაოებს ჩაატარებს პროექტის დამმუშავებელი ორგანიზაცია”.
როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, “ეს წერილი კიდევ ერთხელ და ცხადად ადასტურებს, რომ სკოლის დანგრევაზე და სავარაუდო ტენდერზე საუბარი არც კი ყოფილა”.
“გურია ნიუსი” დააკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები ბუკისციხის საჯარო სკოლის ირგვლივ და მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ამ მართლაც სახელოვან სკოლას ეკადრება.