საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ,,მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5-ის“ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ,,ADB“- მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაილარიმ მოაწერეს.
პროექტი 2018-2019 წლებში, თბილისის მეტროს სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ითვალისწინებს.
ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა სამაგალითოა.
,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა. ბანკს აქვს დივერსიფიცირებული და დინამიური პორტფელი საქართველოში, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: “წყალმომარაგება, გზების მშენებლობა და ენერგეტიკა“, _ განაცხადა მინისტრმა
მისივე განმარტებით, ,,ADB” აქტიურად უჭერს მხარს პრემიერის მიწერ ინიცირებულ 4-პუნქტიან განვითარების გეგმასა და მის შემადგენელ კომპონენტებს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო დახმარების გარდა, ის თანადგომა, რასაც ვიღებთ ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ბანკის ჩართულობა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების პროცესში, როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის განვითარება, კერძო და საჯარო თანამშრომლობის პრინციპების ჩამოყალიბება. ასევე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ADB ახორციელებს CAREC-ის ინიციატივის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს საქართველო იქცეს ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად მთელი რეგიონისთვის“, _ აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
მან, ასევე, ყურადღება, ისეთ პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, როგორიცაა: ბათუმის შემოვლითი გზა, ასევე ორი მნიშვნელოვანი დერეფანი – აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი.
„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აზიის განვითარების ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა აქტივობა კერძო სექტორშიც, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. მომავალ წელს, ვგეგმავთ ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, რაც დიდი პატივია ჩვენთვის. იმედი მაქვს, მომავალი ათი წელი, კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივ ოფისს თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივი ძალებით, წინ დიდი მიღწევები გველოდება“, _ განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ.