იუსტიციის სამინისტროში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბროლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა. საბჭოს წევრებმა განიხილეს სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, აგრეთვე, სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც საზღვარზე მომუშავე პერსონალისა და საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი.
ღონისძიება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბროლის უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა იყო და რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და უწყებათაშორისი საბჭოს პრიორიტეტულ მიმართულებად. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ამ კუთხით გატარებული კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკისა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგია ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშით საქართველო ტრეფიკინგთან მებრძოლი ქვეყნების პირველ კალათაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკა აკმაყოფილებს ამ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტანდარტებს და იგი შესაბამისობაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან.
ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საქართველოს პოლიტიკას ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით დადებითად აფასებს „ODIHR“. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისმა ქართული მოდელი ერთ-ერთ სანიმუშო რეფერალურ მექანიზმად მიიჩნია და გადაწყვიტა მისი გამოყენება საუკეთესო პრაქტიკის ამსახველ სახელმძღვანელო დოკუმენტში. სახელმძღვანელოს მომზადების პროცესში სპეციალური მოწვევით ჩაერთვებიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბროლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიშის მომზადების პროცესზეც იმსჯელეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი; მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საბჭოს წევრები.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო უწყებათაშორისი ორგანოა, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვა. ამ საქმიანობას საბჭო საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ტრეფიკინგის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ის მონიტორინგს უწევს, აგრეთვე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. (R)