ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 25 დეკემბერს გახდება ცნობილი, _ აღნიშნულის შესახებ სემეკის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. სხდომაზე “სემეკმა” რამდენიმე თბო და ელექტროენერგიის წარმოების საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შემდგომ სხდომაზე კი, “სემეკის” წევრების განცხადებით, განისაზღვრება სამომხმარებლო ტარიფი.
„დღეს მხოლოდ ორი ჰიდროელექტროსადგურის ტარიფი დავადგინეთ. ორივე საწარმოს გაეზარდა ტარიფი. მოგეხსენებათ, რომ ამ სადგურების ტარიფები იყო ყველაზე დაბალი საქართველოში, დღეს გაიზარდა. თუმცა, დღეს იმაზე საუბარი, რომ ეს აისახება თუ არა საბოლოოდ სამომხმარებლო ტარიფზე, რთული არის,“ – განაცხადა ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა.
ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მომავალ სხდომაზე დადგინდება ტარიფები „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ და „თელასისთვის“ და ცნობილი გახდება, რა თანხას გადაიხდის ელექტროენერგიის მოხმარებისთვის მოსახლეობა.
„რჩება ის საკითხები, რომელიც გადავიტანეთ 25 დეკემბრის სხდომაზე, ასევე ჩვენ მოგვიწევს პროგნოზირება საბალანსო ელექტროენერგიის ფასის, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასის. ბუნებრივი რჩება მთავარი საკითხი სამომხმარებლო ტარიფში განაწილების ტარიფი „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ და „თელასისთვის“ და შესაბამისად, 25 დეკემბრის სხდომაზე გვეცოდინება სამომხმარებლო ტარიფები,“ – განაცხადა ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ.