ლანჩხუთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიაზე მსჯელობისას გაირკვა, რომ მომავალ 2018 წელს 4 541 950 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება იგეგმება მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
აღნიშნული თანხით ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მოხდება, სადაც მეწყერის ჩამოწოლის გამო, გზა დაზიანებულია. მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ამავე თანხიდან წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის გახორციელებაა გათვალისწინებული: ჯურუყვეთის, ლესის, შუხუთის, გვიმბალაურის, ღრმაღელის, ჩოჩხათისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
გარდა ამისა, ზემონახსენები თანხით უნდა მოხდეს ქალაქისა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა გზებზე ასფალტბეტონის საფარისა და რკინაბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. მომავალ წელს, ასევე, სანიაღვრე არხების მოწყობა და გზების რეაბილიტაციაა დაგეგმილი აკეთის, აცანის, მამათის, ჩიბათის, ნინოშვილის, ნიგვზიანისა და შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
2018 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა ლანჩხუთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება და ბავშვთა საფეხბურთო სკოლის რეაბილიტაციაც.