თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო და მოქალაქე მამუკა ქარდავა გაამართლა – ამის შესახებ “გურია ნიუსს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.
“საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2017 წლის 19 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მამუკა ქარდავას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
მამუკა ქარდავამ მთავარ პროკურატურას საჩივრით მომართა, სადაც იგი ითხოვდა მის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას და მისი დარღვეული უფლების აღდგენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 29 სექტემბერს, ახალმა დეპარტამენტმა მსჯავრდებულ მამუკა ქარდავას მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა მამუკა ქარდავას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2005 წლის 27 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაბა ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების ინსპექტორი მამუკა ქარდავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასამართლებულ იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისთვის, რისთვისაც მას განესაზღვრა 4 წელი პირობითი მსჯავრი და გათავისუფლდა პოლიციის რიგებიდან.