„განათლების მინისტრად დანიშვნისთანავე, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოვაცხადე სკოლებში ბულინგთან და ყველანაირ ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა” , _ აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
“დავიწყეთ ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია, დარგის სპეციალისტების და კვალიფიციური ფსიქოლოგების მონაწილეობით. ჩვენი ფსიქოლოგები აქტიურად მუშაობენ სკოლებში. სისტემაში ფსიქოლოგიური სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდება. სკოლების ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამოცდილი და გულისხმიერი სპეციალისტების დახმარება. ჩვენი მიზანია არამხოლოდ ძალადობის გამოვლენაზე რეაგირება, არამედ პირველ რიგში მისი პრევენცია. იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ძალადობა და ბულინგი, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ცოდნა. დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მათ მიეწოდებათ ამომწურავი განმარტებები და რეკომენდაციები. ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლაში, სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ. მოზარდებისთვის სკოლაში თუ სკოლის მიღმა კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია უწყვეტი დიალოგი მოზარდებთან. უკვე დავიწყეთ მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლი, მოვუსმინოთ მოსწავლეებს. გვჯერა, რომ მათი მონაწილეობა არსებითია პრობლემების უფრო ცხადად დასანახად და ძალადობისა და ბულინგის დასამარცხებლად“, – განაცხადა ჩხენკელმა.