პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სამთავრობო ცვლილებებს აფასებს. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წამოყენება დადებითია. გარდა ამისა, ხუხაშვილი პოზიტიურად აფასებს ფინანსთა ახალ მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება სამთავრობო ცვლილებები, ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება.
,,სამინისტროების შემცირება დადებითი ფაქტია, თუმცა, უარყოფითად ვაფასებ გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებას, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ამ სამინისტროს გაყოფა ინტერესთა კონფლიქტს ქმნის და მეორე, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მსოფლიოში არსებულ ტენდენციას, სადაც გარემოს დაცვის სამინისტროს პოლიტიკა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, პროფესიონალიზმზე, ჯერჯერობით, გაგვიჭირდება საუბარი, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე საკმაოდ კარგი ფინანსისტი და მენეჯერია. ამიტომ, ვფიქრობ, მისი კომპეტენცია წინამორბედ მინისტრებთან შედარებით საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს გიორგი გახარიას, ის არ არის ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ მისი კანდიდატურის წამოყენება ამ თანამდებობაზე საკმაოდ პოზიტიურია, რადგან ვხედავთ, რამხელა პრობლემებია პოლიციაში, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ტენდენციები ვითარდება კრიმინალურ პოლიციაში, ამიტომ სისტემის შიგნით პროფესიონალი პიროვნების პოვნა ძალიან სახიფათო და რთული იქნებოდა. ყველა მძევალია იმ მანკიერების, რაც ჩაბუდებულია ამ სისტემის შიგნით. ბახტაძის და გახარიას საკადრო ცვლილება პოლიტიკური კუთხითაც გამართლებულია, რადგან ისინი შემჩნეულნი არ არიან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაში. ეს ყველაფერი ავანსებია, მოქმედებაში ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს სტრუქტურული ცვლილებები და პერსონალური გადაწყვეტილებები. შეიძლება კარგი მანქანა გყავდეს, ცუდი მძღოლი იყო და ვერ ატარო, ამიტომ წინასწარ ავანსების გაცემა და ზედმეტი ოპტიმიზმი სწორი არ არის“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობისა და უმცირესობობის წევრები უსმენენ.