2018 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის 5 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი ფსიქიკური სერვისების გაუმჯობესებას მოხმარდება _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია“, „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ავრცელებს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების უმნიშვნელოვანეს პრინციპებად აღიარებულია ფსიქიატრული სერვისების გეოგრაფიული და დროული ხელმისაწვდომობა, სოციალური სამართლიანობა და ბიოფსიქოსოციალური მიდგომა, რაც მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული და დაბალანსებული სისტემის შექმნას უზრუნველყოფს.
“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა და 21 მილიონი ლარი შეადგინა, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის მოცულობისა და ბიუჯეტის გადანაწილება ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოლიტიკის მთავარი დოკუმენტების პრინციპებზე დაყრდობით მომხდარიყო.
2018 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ძირითადი ცვლილებებია: გაიზარდა სათემო სერვისების დაფინანსება. კერძოდ გაზრდილი თანხის 54%-ზე მეტი სათემო ამბულატორიულ მომსახურებაზე გადანაწილდა; სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურების ბიუჯეტი შემოსაზღვრული არეალის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვა; პროგრამის მოცულობაში ცალკეული სერვისის სტანდარტის პარამეტრები შევიდა, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა; ქვეყნის მასშტაბით 11 მობილური გუნდი დაფინანსდა (გასულ წელს ფინანსდებოდა მხოლოდ 3 მობილური გუნდი). გაიზარდა თითოეული მობილური გუნდის ბიუჯეტიც, რაც ნიშნავს, რომ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მომსახურებას გაცილებით მეტი ბენეფიციარი მიიღებს; სტაციონარული მომსახურების დაფინანსებისას უპირატესობა თანამედროვე ტიპის საწოლების დაფინანსებას მიენიჭა. გრძელვადიანი საწოლების დაფინანსება 19 ლარიდან 23 ლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ახალი დაფინანსების პირობებში, ბალანსი სათემო და სტაციონარულ სერვისებს შორის 40%-60% შეადგენს, რაც ფ/ჯ 2015-2020 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმით არის გათვალისწინებული.
მისასალმებელია, რომ 2018 წლის ფ/ჯ სახელმწიფო პროგრამაში მკაფიოდ გამოიკვეთა ის მიმართულებები და პარამეტრები, რომლებიც მათი თანმიმდევრული დანერგვის შემთხვევაში, ხარისხიანი, თანამედროვე და ჰუმანური ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს,” _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.