საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „მრეწველების“ წევრმა, ამირან ქანთარიამ შენიშვნები გამოთქვა ფაროსანას წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დეპუტატის თქმით, ლანჩხუთს წინ ცუდი გაზაფხული ელის.
„წინ ძალიან ცუდი გაზაფხული გველის. ისევ „ბიფეტრინით“ უნდა მოხდეს შეწამვლა. ეს თურქული წარმოების პრეპარატი კი ანადგურებს ფაროსანას, მაგრამ პარალელურად ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას, იწვევს სიმსივნურ წარმონაქმნებს. არსებობს ევროპული წარმოების ანალოგიური პრეპარატები, რომლებიც ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველადაც ეფექტურია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლებსაზიანო. ოღონდ ისაა გასათვალისწინებელი, რომ შედარებით ძვირია. კარგი იქნება, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართავთ და ჩვენს ხმას მივაწვდენთ, რომ ჯობია ახლა დავხარჯოთ მეტი თანხა და ძვირადღირებული წამალი შეიძინოთ, ვიდრე მერე დაავადებული ადამიანების მკურნალობა დაგვიჯდეს ძვირი. გასაგებია, რომ ამერიკაში 12 წელი ებრძოდნენ ამ მავნებელს, მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დროულად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ისე არ უნდა გამოვიდეს ბოლოს, „წუწკს ბევრი ეხარჯბაო“. ჯობია თავშივე გავიღოთ მეტი თანხა ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად. როცა „ბიფეტრინი“ დარიგდა, მაშინ მისი მოხმარების ინსტრუქციაც მოაყოლეს. ლამის, კოსმოსში გამოსაყენებელი სკაფანდრი უნდა შეგეძინა. მითხარით, თუ შეიძინა ერთმა მაინც და დაიცვა ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები?!“, _ აღნიშნა უმრავლესობის გუნდის წევრმა და აქვე მოსაზრება გამოთქვა მუშაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, რომლებიც გაზაფხულის მოსვლამდე მოახდენენ მავნებლის კერების განადგურებას.
„ეს მავნებელი ახლა მიძინებულია და ხომ არ იქნება უმჯობესი შეიქმნას მუშაჯგუფები, რომ დროულად, სანამ მავნებელი ფართობებში გამოსულან, ადგილიზე მოხდეს მისი კერების განადგურება“, _ დასძინა ქანთარიამ.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს ლანჩხუთის საკრებულოში ამირან გიგინეიშვილს, იმის გათვალისწინებით, რომ ლანჩხუთის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ლარიც კი არაა გათვალისწინებული ფაროსანასთან საბრძოლველად, წარმოუდგენლად მიაჩნია მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პერსპექტივებზე საუბარი.
ამირან ქანთარიას მიერ გამოთქმულ შეიშვნებსა და მოსაზრებებს ბოლომდე ვერ იზიარებს მისივე თანაგუნდელი, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ჩიბათის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი გიორგი ჩახვაძე. მისი თქმით, მარტო ჰაერში ნატყორცნი სიტყვებით საქმეს არ ეშველება.
„წინა მოწვევის საკებულოს წევრიც ვიყავი და კარგად ვიცი, როდის გამოიყო ფაროსანას წინააღმდეგ შესაწამლი თანხა. სამჯერ დაგვჭირდა სესიის მოწვევა, რომ ეს თანხა ბიუჯეტში აგვესახა. იყო, მსჯელობა, ხომ არ იქნებოდა შეწამვლის პროცესი მოსახლეობისთვის საზიანო, საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ის პრეპარატი გამოგვეყენებინა, რაც გადმოგვეცა. საქმე ისაა, რამდენად აქვს ჩვენს ბიუჯეტს შესაძლებლობა, შევქმნათ მსგავსი მუშაჯგუფები“, _ ამბობს ჩახვაძე.