ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებს უყარეს კენჭი. ქალაქ ოზურგეთის 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილება, – 217.9 ათასი ლარით, შემოსავლების ზრდამ განაპირობა, რომელიც სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიდან შემოვიდა.
რა პრინციპით მოხდა საბიუჯეტო ცვლილებაში თანხების გაზრდა და შემცირება? რატომ შეუმცირეს ან პირიქით _ გაუზარდეს თანხები ამა თუ იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებს და როგორ აპირებენ მომატებული თანხების დახარჯვას? იგეგმება თუ არა პრემია-დანამატების გაცემა? _ აღნიშნულ კითხვებზე “გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი პასუხობს:
_ ქალაქ ოზურგეთის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი იქნა მიმდინარე წლის ბოლომდე დარჩენილი დავალიანებების ნუსხა, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებს გააჩნდათ. შესაბამისად, ვთხოვე მათ, წარმოედგინათ ამ დავალიანებების დაფარვის გეგმა, წარმოდგენილი იქნა მათ მიერ ეს პროექტი. შესაბამისად, დავალიანებების დასაფარავად, ადგილობრივ ბიუჯეტში, იმ მუხლებში, სადაც იყო ეკონომიები დარჩენილი 2017 წლის ბოლომდე, თანხები გადატანილი იქნა დავალიანების ნაწილის დასაფარად სხვა მუხლებში, მაგრამ ამ თანხამ შეადგინა 192 ათას 900 ლარი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა დავალიანებების დასაფარავად და შესაბამისად, გაზრდილი იქნა ქალაქ ოზურგეთის მერიის ბიუჯეტი და შემოსავლების ნაწილი გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან შემოსავალი 217 ათას 900 ლარით. აღნიშნული თანხა გადანაწილდა დარჩენილი დავალიანებების დაფარვაზე, _ ამბობს მამაკაიშვილი. რაც შეეხება იმას, თუ რა პრინციპით მოხდა ბიუჯეტში თანხის გაზრდა და შემცირება, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ეს არის ის თემები, რომლებიც წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯებში რაც გათვალისწინებული იყო გეგმით. მისივე თქმით, გეგმითვე მოხდა ამ ვალდებლებების გასტუმრება:
_ გეგმის ზევით ერთი თეთრი არ არის გადამეტებული ჩამონათვალ მუხლებში. გამორჩეული აქ არავინ არის, აქ საუბარია საბიუჯეტო გეგმის ვალდებულებების გათვალისწინებაზე და სრულად დაფარვაზე. მაგალითად, ერთ პროგრამულ ბიუჯეტში, ვეტერანთა დახმარების სამსახურში, დამატებით იქნა მოძიებული 3000 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ქალაქს ჩადებული ჰქონდა აღნიშნულ კატეგორიაში 13 ათას 500 ლარი, ეს იყო იმაზე ცოტა მეტი, რაც რეალურად სჭირდებოდათ ბენეფიციარებს, რომლის რაოდენობაც შეადგენდა 92 ადამიანს, ამ 92 ვეტერანზე კომუნალური გადასახადები თითოეულს 1000 ლარი უკვე ჩარიცხული ჰქონდათ, რეალურად ამ თანხამ შეადგინა ჯამურად 9 ათას 200 ლარი, დარჩენილი სხვაობიდან 3 600 ლარი მაინც დატოვეს ბიუჯეტში, _ ამბობს მამაკაიშვილი.
_ ბატონო გია, იგეგმება თუ არა პრემია-დანამატების გაცემა?
_ არ იგეგმება. ამ 2017 წლის საბიუჯეტო ცვლილებების ვარიანტით აქ არც ერთ ვარიანტში საუბარი არ არის პრემია-დანამატების გაცემაზე. აქ საუბარია მხოლოდ შრომის ანაზღაურებაზე გარკვეული საბიუჯეტო ორგანიზაციებთან, კომუნალურ ვალდებულებებთან, საგარანტიო წერილებთან, სოციალურ პაკეტებზე და შესაბამისად დანამატებსა და პრემიებზე ამ ცვლილებებით გამოყოფილი თანხიდან არცერთი თეთრი არ წარიმართება.
სულ, ბიუჯეტის ხარჯები 192,9 ათასი ლარით შემცირდება: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია 70.8 ათასი ლარით შემცირდება. ასევე, შემცირდება ბინათმშენებლობის ხარჯები 50,4 ათასი ლარით. კეთილმოწყობის სამუშაოები – 52,2ათასი ლარით, ისტორიული მუზეუმის სუბსიდია 11,0 ათასი ლარით, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის სუბსიდია 5,5 ათასი ლარით და ვეტერანთა დახმარების პროგრამა შემცირდება 3,0 ლარით.
ამავე თემაზე: ქალაქ ოზურგეთის მერიის დავალიანება _ 192,9 ათასი ლარი და ცვლილებები ბიუჯეტში