დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლობარგში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა სოფლის ცენტრსა და საჯარო სკოლის მიმდებარედ მძიმეწონიანი მანქანებისთვის მოწყობილი ავტოსადგომის გაუქმების მოთხოვნით.
როგორც აქციის მონაწილეებმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ მძიმეწონიანი მანქანის მძღოლებს სოფელში კერძო პირისგან დაქირავებული აქვთ საცხოვრებელი სახლი, რის გამოც, არასამუშაო საათებში, მანქანების სადგომი სოფლის ცენტრსა და საჯარო სკოლის მიმდებარედაა მოწყობილი.
„კი, ბატონო, კერძო პირმა გააქირავოს სახლი, არავინაა ამის წინააღმდეგი, მაგრამ ამ მანქანებს აქ რომ სადგომი არ უნდა ჰქონდეს, ესეც ხომ ცხადია. როგორც წესი და რიგია, მათთვის ადგილი სოფლის გარეთ, იმ ტერიტორიის მიმდებარედ უნდა გამოინახოს, სადაც უშუალოდ მშენებლობა მიმდინარეობს. ასე იყო ადრე და ახლა რატომაა სხვანაირად?!
ის, რომ სოფლის გზა გაფუჭდა, ამაზე აღარაფერს ვამბობთ. მთავარი ისაა, რომ ბავშვების სიცოცხლეს ექმნება საფრთხე ამ მანქანების აქ მოძრაობით. დილით სკოლაში მიმავალ ბავშვს ან იქედან მომავალს რამე რომ დაემართოს, ვინ იქნება მერე პასუხისმგებელი?! მით უმეტეს, სოფლის სკოლაში მანდატურები არაა. მთელმა საქართველომ გაიგო, რა ტრაგედიაც დატრიალდა რამდენიმე დღის წინ სოფელ ქვიანში, სადაც ავტობანზე მომუშავე მანქანაზე მომძვრალმა საბურავმა სკოლიდან გამოსული 15 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვართ დაცულები, რომ ანალოგიური აღარ განმეორდება?! ამ მანქანებს საბურავები ხან ძვრებათ და ხან _ უსკდებათ.
არ იფიქროს ხელისუფლებამ, რომ დღეს რამდენიმე კაცი გამოვიდა და ამით მორჩა ეს საქმეო. არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით! საქმე ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ეხება. ჩათვალონ, რომ ეს გაფრთხილებაა, თუ პრობლემა არ მოგვარდა, ფართომასშტაბიან აქციებს ელოდონ“, _ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები, რომლებიც ისე დაიშალნენ, რომ მათთან შესახვედრად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არავინ გამოსულა.
„გურია ნიუსი“ კომენტარისთვის ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს გიგა დოლიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად სამუშაოები მიმდინარეობს.
„ჩვენ საქმის კურსში ვართ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოსახლეობამ გასული კვირის ბოლოს მოგვმართა პრეტენზიით ამ მანქანებთან დაკავშირებით, რაზეც მყისიერად ვეცადეთ მიგვეღო შესაბამისი ზომები. ამ დროისთვის სოფლის სკოლასთან მხოლოდ ის მანქანებია გაჩერებული, რომელიც გაფუჭებულია, დანარჩენი სოფლის ცენტრში ჩერდება. ვცდილობთ, ეს საკითხიც გადავჭრათ“, _ ამბობს დოლიძე.