დღეს ქობულეთში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საახალწლოდ ქობულეთი უჩვეულოდ ლამაზად მოირთო. ქალაქის ქუჩებში საილუმინაციო სისტემები დამონტაჟდა.
ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ხელმღვანელები მიესალმნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. „გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! რამდენიმე წუთის წინ საზეიმოდ აინთო მთავარი ნაძვის ხე, ნიშნად ახალი წლის მოახლოებისა… უკეთესი მომავლისა… მშვიდობის, სიხარულის და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს ახალი 2018 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სრულიად საქართველოსთვის… როდესაც ახალი წელი მოდის ყველას გვაქვს ჩვენი ოცნებები, ჩვენი მიზნები, ჩვენი მისწრაფებები, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ყველას გვაერთიანებს – ეს არის სურვილი უკეთესი მომავლისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა. ვისურვებდი მომავალი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და ეკონომიკურად გაძლიერების საწინდარი.
ქობულეთის მერია დღეიდან იწყებს საახალწლო ღონისძიებებს. შევეცადეთ პროგრამა მრავალფეროვანი ყოფილიყო. სადღესასწაულოდ მოვრთეთ ქალაქის ქუჩებიც. წელს საახალწლო სამზადისში აქტიურად ჩაერთო კერძო სექტორი. თქვენთვის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ჩვენთან ერთად კერძო კომპანიებმაც იზრუნეს, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ორგანიზატორს, განსაკუთრებით კი ჩვენ მეგობარ კომპანიებს გამოჩენილი თანადგომისთვის. ჩვენი ძალა ხომ ერთობასა და მოქმედებაშია, ამიტომ ერთად უნდა ვიდგეთ როგორც ერთი ძლიერი ოჯახი!
ჩვენ წინ ბევრი სიახლე და გამოწვევა გველის, იქნება სირთულეებიც, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ყველა ერთად ერთ მუშტად შეკრული აუცილებლად ვიამაყებთ ერთად გაკეთებული ბევრი კარგი საქმით. მე გპირდებით, რომ 2018 წელი იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი!
კიდევ ერთხელ გილოცავთ! მრავალ, მრავალ ახალ წელს!…“ – ნათქვამია მერის მიმართვაში.
ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. წინასაახალწლოდ ქალაქს სანტაკლაუსების მარათონი გაამხიარულებს. კონკურსები, გამოფენა-გაყიდვები, სპორტული შეჯიბრებები, დაჯილდოებები და ვორქშოფები რამდენიმე დღე გაგრძელდება.
31 დეკემბერს ქობულეთი ახალ წელს გრანდიოზული გალა კონცერტით შეხვდება. (R)