ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული 14 ა(ა)იპ-იდან რამდენიმეს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი. საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე ა(ა)იპ-ებში დაგეგმილ რეორგანიზაციებზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
– ამ თემაზე მერიასთან ერთად ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე ა(ა)იპ-ს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და ამაზე იურიდიული მიმართულებით ვიმუშავებთ – როგორ და რა ფორმით შეიძლება გაკეთდეს. მაგალითისთვის გეტყვით _ სამხატვრო სკოლას გრანტის ფარგლებში გადაეცა დანადგარი და როგორც მითხრეს, ამის დახმარებით, ამ წუთას 3000 ლარი ღირებულების პროდუქცია აქვთ გასაყიდი. დამატებითი შემოსავალი მათთვის სტიმულიც იქნება.
ჩემი მოსაზრებაა, რომ ის ჰონორარის სახით მათვე მივცეთ, რაც მოტივაციასაც აუმაღლებთ. ასევე, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ გავაკეთებთ ორ მაღაზიას, ერთს _ დაბაში, მეორეს _ ბახმაროში და ამ მაღაზიებში ჩვენი ა(ა)იპ-ების მიერ წარმოებული პროდუქცია გაიყიდება, _ აღნიშნა ზაალ მამალაძემ.