ღუნიბის აღებისა და შამილის დატყვევების 50 წლისთავი რუსეთის მთავრობამ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა. ბაქოში დიდი აღლუმი გაიმართა, რომელიც ქართული კინოდოკუმენტალისტიკის მამამთავარმა ვასილ ამაშუკელმა ფირზე გადაიღო. სიუჟეტს დაერქვა ,,ღუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონ ესაძის მეთაურობით 1909 წლის 24 აპრილს”.
“გადაღებისას დატრიალდა ტრაგედია: კაზაკების თავში მიმავალ იასაულის ცხენს ფეხი გაუსხლტა და წაიქცა, უკან მომავალმა მხედრებმა ცხენები ვერ შეაკავეს და იასაული გადათელეს. ,,მე ისე დამაბნია და გამაოცა ამ აღრევამ, წამოვავლე აპარატს ხელი და განზე მივდექი,” – წერდა ვასილ ამაშუკელი ერთ წერილში. მასთან მივიდა თავად სიმონ ესაძე და უთხრა: ,,თვალს გადევნებდი, ეს მომენტი არ უნდა გაგეშვა, მაგრამ ახალგაზრდა ხარ და ალბათ შეშინდიო”. მაშინ ამაშუკელი სულ 22 წლის გამოუცდელი ჯეელი გახლდათ, რომელიც სიკვდილის ნახვამ შეაძრწუნა; სენსაციებზე ნადირობა და ,,პაპარაციზმი”, როგორც ფულის მოტანის საშუალება, მოგვიანებით შემოვა და მყარად დაიკავებს ადგილს ადამიანთა ცხოვრებაში.
თავად პოლკოვნიკი სიმონ ესაძე (1868-1927) ცნობილი იყო როგორც რუსეთისა და კავკასიის ისტორიის უზადო მცოდნე (ის გახლდათ განთქმული რუსი სამხედრო ისტორიკოსის ვასილი პოტოს მოწაფე), რომელსაც ამ თემაზე მრავალი გამოკვლევა და წიგნი ჰქონდა გამოქვეყნებული, მათ შორის: „ღუნიბის აღება და შამილის დატყვევება“, „დასავლეთ კავკასიის დამორჩილება და კავკასიის ომების დასასრული“, „ტვერის დრაგუნები კავკასიაში“, „აღმოსავლეთის ომი“ და სხვა. მას მეგობრობა აკავშირებდა ლევ ტოლსტოისთან და ჰაჯი მურატის შესახებ ბევრი მასალა მიაწოდა. ამასთან იყო გამოცდილი ფოტოგრაფი და იღებდა ფოტოსურათებს არმიის ყოფაზე, კავკასიელების ზნე-ჩვეულებებზე, ტრადიციებსა და კულტურაზე.
1913 წელს რომანოვების დინასტიის სამასი წლისთავის აღსანიშნავად დრანკოვისა და ტალდიკინის კინოკომპანიამ გადაწყვიტა გადაეღო სრულმეტრაჟიანი საიუბილეო ფილმი “კავკასიის დაპყრობა” (რეჟისორები ლუდვიგ ჩერნი, სიმონ ესაძე. თურმე ჩერნის უზარმაზარი ჰონორარი გადაუხადეს, ესაძის ჯამაგირის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს), რომლის სცენარის დაწერა და კონსულტანტობა სიმონ ესაძეს დაუკვეთეს. “კავკასიის დაპყრობა” იყო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომელიც მიიცავდა პერიოდს XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, დამთავრებული XIX საუკუნის 60-იან წლებამდე, როდესაც მეფის რუსეთმა საბოლოდ შეძლო კავკასიის დამორჩილება, რასაც მოჰყვა ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის დიდი ნაწილის აყრა და ოსმალეთში გადასახლება. გადაღებები სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ქსნის ხეობაშიც, მიმდინარეობდა. ფილმში მონაწილეობდნენ დრამატული მსახიობები, რა თქმა უნდა, ქართველებიც: ვალერიან გუნია, რომელმაც რამოდენიმე როლი – შამილი, ერეკლე მეორე, გენერალი ერმოლოვი, გენერალი გალვეევი, მღვდელი პაისი, მოლა მახომა – შეასრულა, ზაქრო ბერიშვილი, ვლადიმერ გვიშიანი, ასევე ქართული არისტოკრატიის წარმომადგენლებიც – მათ საკუთარი წინაპრების როლები ერგოთ. ეს იმ დროისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფილმი იქნებოდა, რადგან გადაღებაში მონაწილეობდა კავკასიის ოლქის ჯარების ოცი ათასი, დროის შესატყვის ფორმაში გამოწყობილი და გრიმგაკეთებული, ჯარისკაცი. ტულაში სპეციალურად ფილმისთვის ჩამოასხმევინეს ძველებური ყაიდის ზარბაზნები. მასობრივ სცენებში დრაგუნთა, გრენადერთა, კაზაკთა და მეფისნაცვლის კანვოისთან ერთად იქაური რამდენიმე ათასი გლეხიც მონაწილეობდა, რომელიც იმ დროს, იქვე გამართულ დღეობაზე იყო მისული. ჯარს ,,ხელმძღვანელობდა” სამეგრელოს გრენადერთა მე-16 პოლკის პორუჩიკი გ. სიამაშვილი. თურმე ზარბაზნებით სროლა რომ ატეხილა ,,მასოვკაში” მონაწილე ქალები ისე დაფრთხნენ, რომ თავქუდმოგლეჯილი ზოგი იქით, ზოგი აქეთ გარბოდა.
ფილმის გადაღებაში ასევე მონაწილეობდა დღეს მივიწყებული კინოპერატორი ვლადიმერ კერესელიძე.
“კავკასიის დაპყრობა” ეკრანებზე გამოვიდა იმავე წლის ოქტომბერში და მეფის ოჯახის და აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა. მას არა მარტო რუსეთში, არამედ საზღვარგარეთაც აჩვენებდნენ წლების მანძილზე. სამწუხაროდ, როგორც იმ დროს გადაღებულმა ბევრმა კინოსურათმა, ამ ფილმმაც ვერ მოაღწია ჩვენამდე.
პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, 1915 წელს, სიმონ ესაძეს, როგორც კავკასიის სამხედრო შტაბის სამხედრო-ისტორიული განყოფილების უფროსს მიეცა უფლება ეწარმოებინა კინო და ფოტოგადაღებები კავკასიის საომარ მოქმედებათა არენაზე. გადაღება რამდენიმე თვეს გაგრძელდა. 1916 წელს ესაძის ჯგუფმა გადაიღო დოკუმენტურ-ქრონიკალური ფილმები: “არზრუმის დაცემა”, “ტრაპეზუნდის აღება”, “დაპყრობილი თურქული ქალაქები – ბაიბურთი, ტრაპეზუნდი, ერზინგიანი და მამახათუნი”, რომლებიც აჩვენეს თბილისის სახაზინო თეატრსა და რუსეთის ჯარის სამხედრო ბანაკში. ,,თბილისის თეატრში პოლკოვნიკმა ესაძემ მაყურებელს უჩვენა ,,არზრუმის დაცემა”. სურათმა დიდებული შთაბეჭდილება მოახდინა, ინსცენირებამ დაუსრულებელ ოვაციებში ჩაიარა. ,,არზრუმის დაცემის” თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ პოლკოვნიკი ესაძე თან ახლდა მოერიშე ჯარის ნაწილებს, არზრუმის აღების დღეს უკვე ქალაქში იყო და გადაღებას აწარმოებდა,” გვამცნობენ საარქივო მასალები. დაახლოებით დროის იმავე მონაკვეთში, 1914 წელს, ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი რაულ უოლში გადამღებ ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა მხატვრულ-დოკუმენტური ხასიათის ფილმის ,,გენერალ ვილას ცხოვრება” შექმნაში, რომელიც ეძღვნებოდა მექსიკელ რევოლუციონერ პანჩო ვილას. ამერიკის მთავრობამ დააფინანსა ვილას არმია, სანაცვლოდ კი მიიღო ნებართვა ბრძოლაში მისი გადაღებისა. მაშინ მექსიკაში გაგანია სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, სადაც უოლშმა ხუთი თვე დაჰყო. ის, გადამღებ ჯგუფთან ერთად, ყველგან დაჰყვებოდა პანჩო ვილას და ბრძოლების გადაღებასაც აწარმოებდა. გადაღებული ფილმი ამერიკაში იყო ნაჩვენები, მაგრამ ამის შემდეგ, მისი ასავალ-დასავალისა არავინ იცის. პანჩო ვილას და რაულ უოლშის ეს ამბავი კარგად ცნობილი ფაქტია, ჩვენდა სამწუხაროდ კი უნდა ითქვას, რომ არანაკლებ შთამბეჭდავ საქმეს აკეთებდა სიმონ ესაძე, მაგრამ ის დღემდე ყველასათვის უცნობია.
სიმონ ესაძეს თურმე დიდი სურვილი ჰქონდა შეექმნა ფილმი შამილის თანამებრძოლზე – ჰაჯი მურატზე. მან საკმარისი მასალა დააგროვა და შეისწავლა ამ პიროვნებაზე, სცენარის წერაც დაუწყია, მაგრამ მისი დასრულება ვეღარ მოახერხა.
გასაბჭოების შემდეგ სიმონ ესაძე გარდაცვალაბამდე ხელმძღვანელობდა სამხედრო-საისტორიო არქივს. ის დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.