“გურია ნიუსის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას ჩოხატაურის #1 საბავშვო ბაღში ნაძის ხე ლურჯად შეფუთეს გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ერთ-ერთმა მშობელმა, რომელსაც ვინაობის გახმაურება არ სურს, გვითხრა, რომ ლურჯი ნაძვის ხე ჩოხატაურის #1 ბაგა-ბაღშიც დადგეს. მან შესაბამისი ფოტოც გამოგვიგზავნა.
ჩვენ შევეცადეთ დეტალები ბაგა-ბაღის დირექტორთან, მარინა დოლიძესთან გადაგვემოწმებინა, თუმცა, მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ კი გვითხრა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო კომენტარს ვერ გააკეთებდა.
“ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დიმა კორიფაძე ამ ფაქტებს პოლიტიკას უკავშირებს:
_ რათქმაუნდა პოლიტიკურია. მთელი საქართველო გაალურჯეს. ვფიქრობ, რომ ეს კახი კალაძის ქმედებას _ თბილისის ცენტრალურ მოედანზე პოლიტიკური წარწერის განთავსებას და გალურჯებას მოჰყვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი საბავშვო ბაღებში შეიტანეს. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს მხოლოდ ჩოხატაურში არ ხდება. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთი რამ თავში არასდროს, არავის მოსვლია. დაუშვებელია ბაღებში, ბავშვებთან პოლიტიკის შეტანა, _ აღნიშნა კორიფაძემ ჩვენთან საუბრისას.
ჩვენ შევეცადეთ კომენტარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისგან, “ქართული ოცნების” ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, ირაკლი კუჭავასგანც მიგვეღო, თუმცა, მერმა ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.