ცნობილმა ამერიკელმა კინომცოდნემ ლეონარდ მოლთინმა ერთხელ განაცხადა:”თუ ამერიკას დასჭირდება შოუ ბიზნესის დედოფალი, ამ ადგილს უეჭველად ბარბრა სთრეიზანდი დაიკავებს”. მართლაც, ძნელად მოიპოვება ამერიკულ შოუ ბიზნესში ისეთი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნება, როგორც სთრეიზანდია, იგი პირველი შემოქმედია რომელსაც ოსკარი, ოქროს გლობუსი, ტონი, ემი და გრემი აქვს მოპოვებული. იგი დასახელებული იყო XX საუკუნის ყველაზე პოპულარულ მომღერალ ქალად, რომელსაც 72 მილიონი დისკზე მეტი აქვს გაყიდული, ამის გარდა სთრეიზანდს კიდევ უამრავი მიღწევა აქვს, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
მშვენიერი ამერიკული ვარდი მშვენიერი ამერიკული ცხვირით, ასე ეძახიან ბარბრა სთრეიზანდს, სხვა ცნობილი მსახიობებისაგან განსხვავებით იგი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო საკუთარი გარეგნობის შეცვლისა. ერთხელ ლონდონში ყოფნისას სოფი ლორენმა მას უთხრა “ყველაფერს მივცემდი თქვენნაირი ხმა რომ მქონოდა. სტრეიზანდმა კი უპასუხა: მე თქვენნაირი გარეგნობა რომ მქონოდა, საერთოდ ხმის ამოღებაც არ დამჭირდებოდა.”
ბარბარა ჯოან სთრეიზანდი დაიბადა 1942 წლის 24 აპრილს ბრუკლინში, ნიუ_იორკში. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მამა ადრე გარდაეცალა და ბარბარას დედამისი ზრდიდა. ისინი სიღარიბეში ცხოვრობდნენ და დედა ნაკლებ ყურადღებას აქცევდა შვილს. 1949 წელს დედამისი მეორედ გათხოვდა, ბარბარა კი ბრუკლინის ერთ სკოლაში გაამწესეს, რომელიც მას არ მოსწონდა, თუმცა ის წარჩინებით დაამთავრა. ბავშვობიდან თეატრში შეყვარებული იგი იღებდა გაკვეთილებს სამსახიობო ოსტატობაში და პარალელურად ლუკმა_პურის ფული რომ ეშოვნა, მუშაობდა ძიძად და კარისკაცად კინოთეატრში. მიუხედავად სიდუხჭირისა, იგი დღენიადაგ ოცნებობდა გამხდარიყო ვარსკვლავი. 1961 წელს მან მიიღო მონაწილეობა მოყვარულ მომღერალთა კონკურსში, სადაც დიდი წარმატება ხვდა წილად, იქიდან კი მოხვდა სატელევიზიო შოუში. იმ პერიოდში მან საკუთარი სახელიდან ამოაგდო ასო “ა” და გადაიქცა ბარბრად. პირველი წარმატება მან იგემა 1962 წელს ბროდვეის სცენაზე სპექტაკლში “მე შემიძლია ეს ბითუმად გიშოვნო”, რისთვისაც ბარბრამ ნიუ_იორკის კრიტიკოსების ჯილდო მიიღო. სხვათაშორის, მომავალი მეუღლე მსახიობი ელიოთ გულდი მისი პარტნიორი გახლდათ ამ სპექტაკლში. უკვე მაშინ სთრეიზანდმა გამოავლინა საკუთარი რკინის ხასიათი, როდესაც შეხლა_შემოხლა მოუვიდა რეჟისორთან, რადგან ყველაფრის გაკეთება თავისებურად სურდა. შემდეგში იგი იხსენებდა: ,,მე არ მესმოდა რატომ ბრაზდებოდნენ ისინი, მაშინ როცა იცოდნენ რომ მე მართალი ვიყავი” (ასევე ხდებოდა მისი კარიერის განმავლობაში. ფილმის “როგორნი ვიყავით” გადაღებისას სტრეიზანდს მისი პარტნიორი რობერტ რედფორდი ლამის ინფარქტამდე მიჰყავდა გაუთავებელი რეპეტიციებით).
მისი პირველი დისკი ამ სპექტაკლში ნამღერი კომპოზიციებისაგან შედგებოდა. მას მოჰყვა სხვა დისკებიც, რომლებმაც მსოფლიოს დაანახვა რომ გამოჩნდა სერიოზული, ფართე დიაპაზონისა და უნიკალური ხმის მქონე მომღერალი. მისი კონცერტები თავიდანვე უდიდესი წარმატებით სარგებლობდა, თუმცა უნდა ითქვას რომ დღემდე ბარბრა სთრეიზანდს სცენის შიში აქვს და ყველაზე არაკომფორტაბელურად ზუსტად იქ გრძნობს თავს.
1964 წელს მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა მის კარიერაში, როდესაც ბროდვეის მიუზიკლში “სასაცილო გოგონა” მან შექმნა ვოდევილის მსახიობის ფანი ბრაისის სახე. სპექტაკლი მაშინათვე იქცა საერთაშორისო მოვლენად, ხოლო სთრეიზანდმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მის, როგორც მსახიობისა და მომღერლის სერიოზულ რეპუტაციაზე ერთი ფაქტიც მეტყველებს, როდესაც ამ სპექტაკლით იგი ლონდონში ჩავიდა, მას დახვდა ძველთაძველი საგრიმიორო, სთრეიზნდმა სთხოვა მისი დასუფთავება_გაწმენდა, ამის მაგივრად კი თეატრის დირექციამ სასწრაფოდ ორი ოთახი გააერთიანა, გაარემონტა და მას დაუთმო. მიხედავად იმისა, რომ სპექტაკლი ორი წლის განმავლობაში დიდი წარმატებით მომდინარეობდა, ყველას გასაკვირად სთრეიზანდმა გადაწყვიტა სპექტაკლების შეწყვეტა, რადგან მისი თქმით ახლა იგი ვერავითარ სიამოვნებას ვეღარ ღებულობდა მისგან. მან გამოამჟღავნა თავისი დიდი ხნის ოცნება გამხდარიყო კინომსახიობი. ,,იყო ვარსკვლავი, ნიშნავს იყო კინოვარსკვლავი”_ ამბობდა იგი. სთრეიზანდი არის ერთადერთი მსახიობი, რომელსაც ოთხ ფილმზე ისე დაუდეს კონტრაქტი, რომ იქამდე არც ერთ სურათშიც კი არ ჰქონდა ნათამაშები. 1966 წელს სთრეიზანდს შეეძინა ერთადერთი ვაჟი ჯეისონი. ბროდვეიდან წამოსვლის ერთ_ერთი მიზეზად ალბათ ეს ფაქტიც შეიძლება ჩაითვალოს.
1968 წელს ეკრანებზე გამოვიდა მისი სადებიუტო ნამუშევარი ,,სასაცილო გოგონას” ეკრანიზაცია, რომლიც გადაიღო განთქმულმა რეჟისორმა, სამგზის ოსკაროსანმა უილიამ უაილერმა. მუსიკალური ნომრების კი დადგა ქორეოგრაფმა და რეჟისორმა ჰერბერთ როსმა. გადაღებებისას სთრეიზანდი თავს ნებას აძლევდა რათა შენიშვვნები და შესწორებები შეეტანა უაილერის რეჟისურაში. თუმცა ამას ვეტერანი რეჟისორისაგან პროტესტი არ მოჰყოლია. ბევრი ამტკიცებდა რომ სთრეიზანდი თავნება, ეგოისტი ადამიანია და რომ ის აუტანელია მუშაობაში, პასუხად ფემინისტი სტრეიზანდი პასუხობდა, რომ იგი მაქსიმალისტია და არც ერთი ეს ბრალდება არ იარსებებდა, იგი რომ მამაკაცი ყოფილიყო, მისი თქმით, ბევრი ვერ იტანს როდესაც მამაკაცთა სამყაროში ქალი ლიდერობს. ასეთივე პრეტენზიები წაუყენა მან აკადემიას როდესაც მისი ფილმები “იენთლი” და “დინების პრინცი” არ დაჯილდოვდა ოსკარით, იგი ადანაშაულებდა აკადემიის წევრებს ქალთა უფლებების შელახვასა და უგულებელვყოფაში. თავის დროზე ამან მძაფრი რეაქცია გამოიწვია კინოსაზოგადოებაში, თუმცა სთრეიზანდის ფილმებს ამით არაფერი ეშველა.
“სასაცლო გოგონამ” საბოლოოდ გახადა იგი ვარსკვლავდ და მისი პირველივე ნამუშევარი კინოში ოსკარით აღინიშნა. აკადემიის უმაღლსი ჯილდო 26 წლის ბარბრამ გაინაწილა კინოს ლეგენდა ქეთრინ ჰეფბერნთან ერთად, ასეთი რამ მეორედ მოხვდა ოსკარის ისტორიაში, პირველად ეს იყო 1932 წელს, როცა ფრედერიქ მარჩმა და უოლეს ბირიმ მამაკაცის საუკეთესო როლებისთვის ერთდროულად მიიღეს ოქროს ქანდაკება. მიუხედავად მუდმივი კონფროტაციისა მსახიობმა 1976 წელს კიდევ ერთი ოსკარი დაიმსახურა სიმღერისათვის Evergreen, რომელიც აჟღერდა ფილმში “ვარსკვლავის დაბადება”.
“სულ ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, როცა მე, პატარა გოგონა, ვიჯექი ბრუკლინის საკონდიტროში, მივირთმევდი ნაყინს და ვკითხულობდი კინოჟურნალებს. სრულიად მოულოდნელად მე წავრსდეგი ამ ვარსკვლავების წინაშე, და ახლა კი ერთ_ერთი მათგანი გავხდი”_ამბობდა თავისი წარმატების შესახებ მსახიობი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმმა სთრეიზანდს გზა გაუხსნა ჰოლივუდში, იგი არც თუ ხშირად ანებივრებს მაყურებელს თავისი კინოროლებით, მაგრამ აუდიტორია და კინიმცოდნეები ყოველთვის მოუთმენლად ელიან მის ყოველ სურათს. მან სხვადასხვა ჟანრში სცადა ბედი და თითქმის ყველგან წარმატებით, იქნება ეს კომედიები ისეთი როგორც ჰერბერთ როსის “ბუ და ფისო”, პიტერ ბოგდანოვიჩის გახმაურებული “როგორ არის საქმე დოკ?”, სადაც მას პარტნიორობას უწევდა რაიან ო’ნილი.
სთრეიზანდს შოუ-ბიზნესის თითქმის ყველა მწვერვალი ჰქონდა დაპყრობილი, მაგრამ მისი ოცნება იყო დაედგა ფილმი და 1983 წელს ეკრანებზე გამოვიდა მისი სარეჟისორო დებიუტი მიუზიკლი “იენთლი”. სხვათაშორის, იგი ერთადერთი ქალია, ვინც ფილმზე მუშაობდა როგორც სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი და მომღერალიც. ფილმის გამოსვლის შემდეგ სტივენ სპილბერგმა სთრეიზანდს უთხრა:” ძალიან მინდოდა შენი შეცდომებისათვის მიმეთითებინა, მაგრამ ეს ვერ შევძელი. ეს საუკეთესო ფილმია, რომელიც მე მინახავს მოქალაქე ქეინის შემდეგ”. როგორც ჩანს, აქ ცნობილმა რეჟისორმა მისთვის ჩვეული ჯენთლმენობა გამოიჩინა.
ბარბრა სთრეიზანდმა კიდევ ორი ფილმი დადგა “დინების პრინცი’, რომელიც ოსკარზე იყო წარდგენილი და “სარკეს ორი სახე აქვს”.
“ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ერთმანეთს არ დავემსგავსოთ, რადგან მაშინ ცხოვრება იქნება ძლიერ მოსაწყენი. ჩემი აზრით, იდეალური მსოფლიო იქნება მაშინ როდესაც ჩვენ დავაფასებთ ერთმანეთის განსხვავებულ შეხედულებებს, ჩვენ ერთმანეთის მსგავსები ვართ, მაგრამ არა ტყუპისცალები”_ასეთია ბარბრა სთრეიზანდის კრედო და ძნელია ამას არ დაეთანხმო. ბარბრა სთრეიზანდი ისევ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს შოუ_ბიზნესის სარბიელზე, იგი აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში, სთრეიზანდი თავგადადებული დემოკრატია და როგორც ამბობენ მისგან ყოველთვის და ყველგან უნდა ელოდე სიურპრიზებს.