თეთრი ხმაურის მოძრაობა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივის პრინციპების მხარდაჭერას ეხმიანება. მოძრაობას იმედი აქვს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საბოლოოდ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
“დასრულდა საკომიტეტო სხდომა. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 7 ხმით ჰუმანური ნარკოპოლიტიკის, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციის ინცირებულ კანონროექტს მხარი დაუჭირა.
უნდა განვმარტოთ, რომ ეს სხდომა არც კანონპროექტის მიღებას ნიშნავს და არც საბოლოო ვერსიაზე შეთანხმებას. კანონპროექტის მიღებამდე ჯერ კიდევ წამყვანი, იურიდიული კომიტეტის სხდომები, კომიტეტის დადებითი დასკვნა და სამი პლენარული სესიაა ჩასატარებელი.
დღევანდელი სხდომა მხოლოდ პროცესების საჯარო ფორმატში დაწყებას ნიშნავს, ხოლო კომიტეტის მხარდაჭერა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.
იმედი გვაქვს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება საბოლოოდ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მადლობა კომიტეტის წევრებს პოზიციიდან და ოპოზიციიდან მიღებული გადაწყვეტილებისთვის”, – წერია თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებაში.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი 27 დეკემბერს დაუჭირა.
ინიციატივას მხარი დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ხოლო კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერენ, სხდომას არ ესწრებოდნენ.
ნარკოპოლიტიკის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო. კომიტეტის 6 წევრი, ნარკოლიბერალიზაციას მხარს არ უჭერს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კომიტეტის წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
10 დეკემბერს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით მშვიდობიანი აქციები გაიმართა.
30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.