თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ახალი ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხილვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან უნდა მიმდინარეობდეს. ბახტურიძის თქმით, ნარკომომხმარებლებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მაგივრად, სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა შეიქმნას, სადაც დაავადებულ ადამიანებს მკურნალობის შესაძლებლობა ექნებათ. როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი აცხადებს, ერთმანეთისგან მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ნარკოტიკების მომხმარებელი და გამავრცელებელი.
,,როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით, 10 წლის წინ საკმაოდ გამკაცრდა ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში, რასაც ხშირად პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ოჯახის წევრების დასამორჩილებლად იყენებდნენ. ეს პრაქტიკა, საბედნიეროდ, 2013 წლიდან მოიშალა, თუმცა იშვიათ შემთხვევაში კვლავ აქვს ადგილი ნარკოტიკების ჩადებას. ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, მიმდინარეობდა აქციები, რომელიც სხვადასხვა პოლიტიზირებული ჯგუფების ჩართვით, ნარკომანიის პროპაგანდისა და ლეგალიზაციის ძირითად მოთხოვნად გადაიქცა.
მთავარი პრობლემა გვერდზე დარჩა. ახალგაზრდა თაობებს ხელს არ ვუწყობთ, რომ დაკავებული იყვნენ ცოდნის მიღებით, თავიანთი ინტერესების რეალიზებითა და თავისუფალი დროის ჯანსაღად მართვით. მოშლილია ფიზიკური აღზრდის სისტემა, ბავშვების სასიცოცხლო უნარებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდა.
პრობლემის გადასაჭრელად, სკოლაში უნდა ჩამოყალიბდეს ბავშვთა და ახალგაზრდათა ფიზიკური და შემოქმედებითი აქტივობები. გვაქვს კანონი ახალგაზრდებზე მავნე ზეგავლენის შესახებ, მაუწყებლის კოდექსი, მაგრამ უმაქნისია. აუცილებელია, მშობლების როლის გაძლიერება და მათი ჩართვა ასეთი წრეების ფუნქციონირებაში. განათლების, ჯანდაცვის, სპორტისა და სამინისტროები ერთად უნდა შეიკრიბონ და შესაბამისი დაინტერესებული პირების მონაწილეობით უნდა შეიმუშავონ საშუალო და გრძელვადიანი, ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის პროგრამა. ამ საკითხების სისტემურად გადაწყვეტის შემდეგ შევძლებთ, რომ სრულფასოვანი ნარკოპოლიტიკა გახორციელდეს. ნარკოდამოკიდებულთათვის უნდა შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრები განსაკუთრებით რეგიონებში, რათა მსურველებს შესაძლებლობა მიეცეთ შრომათერაპიისა და არტთერაპიის ჩატარების. აუცილებელია მომხმარებლისა და გამავრცელებელი, რეალიზატორის გამიჯვნა, ასევე, პირადი მოხმარების დოზების ზუსტად განსაზღვრა, რომ რეალურად არ მივიღოთ ნარკოტიკების (ნებისმიერი სახის) მოხმარების წახალისება და მასობრივი მოხმარების ხელშეწყობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპლექსური მიდგომის გამოყენებით შევძლებთ, ერთი მხრივ, არსებული ნარკოდამოკიდებული პირების გათავისუფლებას სისხლის სამართლებრივი დევნის ადრე არსებული მახინჯი პრაქტიკისაგან, მეორე მხრივ, მოხდება მათი რეაბილიტაცია და სოციალიზაცია. ბოლოს, არანაირი მიმზიდველობა არ უნდა ახლდეს ნარკოტიკების მოხმარებას, რომლის პროპაგანდაც ფართოდ და მიზანმიმართულად გავრცელდა ბოლო წლების განმავლობაში“, _ განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.