გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს მიგრანტების რაოდენობამ მსოფლიოში 258 მილიონი შეადგინა, რაც მიმდინარე წელს 49 %-იან ზრდას წარმოადგენს.
გაეროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის, დაახლოებით, 3.4% მიგრანტია.
გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მიხედვით, საქართველოში 78 ათასი უცხოელი მიგრანტი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 2%-ს შეადგენს. საქართველოში მცხოვრები მიგრანტის საშუალო ასაკია 40 წელი. მიგრანტთა ნახევარზე მეტს, 56% -ს ქალები შეადგენენ.
გაეროს მონაცემებით, დღეისათვის სომხეთში 191 ათასი მიგრანტი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიგრანტთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. აზერბაიჯანში 259 ათასი მიგრანტი ცხოვრობს. თურქეთში მათი რიცხვი თითქმის 5 მილიონს აღწევს, მაშინ, როდესაც 17 წლის წინ მათი რაოდენობა 1,3 მილიონს არ აღემატებოდა.
რუსეთი მიგრანტთა რაოდენობით ლიდერთა ხუთეულში შედის. იქ, დაახლოებით, 12 მილიონი მიგრანტია, რაც 2000 წლის მონაცემებისგან თითქმის არ განსხვავდება.
რუსეთის გარდა, მიგრანტებისათვის მიმზიდველი ქვეყნების ხუთეულში შედის აშშ (49,8 მილიონი), საუდის არაბეთი (12 მილიონი), გერმანია (12 მილიონი) და დიდი ბრიტანეთი (9 მილიონი).