“ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის დარბევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება”, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბევმა განუცხადა.
მისივე თქმით, გავრეცელებულ ინფორმაციას გუშინ მთელი დღე ამოწმებდა:
_ ამ დილით იყვნენ ტაძარში ადგილობრივები და არაფერი არ არის დარბეული. 15 სკოლაა იქ და ყველა სკოლის დორექტორს ვესაუბრე. არავინ ადასტურებს. ვესაუბრე ჩვენს კონსულსაც, მამუკა ბალავაძეს, რომელმაც ასევე მითხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ვფიქრობ, რომ ეს არის სუფთა პროვოკაცია და ვიღაცას ორი ქვეყნის კარგი ურთიერთობის გაფუჭება სურს. საინტერესოა, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა საერთოდ თუა საინგილოში ნამყოფი? არ შეიძლება ასეთი ტიპის ინფორმაციების ასე გავრცელება, ასეთი რამის მოგონება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ალი ბაბაევმა.
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია მართლმადიდებლური ტაძარია ჰერეთში, დღევანდელ აზერბაიჯანში. მდებარეობს მდინარე ქურმუხის ხეობაში (კახის რაიონი), რაიონული ცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით, ნუხისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეზე, კანგარაკის მთის კლდოვან წვერზე.
იგი საინგლოს (ისტორიული ჰერეთის) ქართველობის მთავარი რელიგიური სიწმინდე და სალოცავია.
ქურმუხის ეკლესიაში წირვა–ლოცვა ჯერჯერობით არ ტარდება _ იგი წელიწადში მხოლოდ ორჯერ (გიორგობებზე) იღება მომლოცვეელებისათვის და აღესრულება პარაკლისი.
ქართულ საისტორიო წყაროებში ქურმუხის ეკლესია პირველად მოხსენიებულია ე. წ. მაღალაშვილისეული სახარების 1310 წლით დათარიღებულ მინაწერში. აქ აღწერილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ექვთიმეს მის იურისდიქციაში მყოფ სხვადასხვა ეპარქიაში მოგზაურობა, მათ შორის გიშ-ქურმუხის ეპარქიაშიც.
აღნიშნული მოგზაურობის დროს პატრიარქმა ექვთიმემ მოინახულა გიშ-ქურმუხის ეპარქიის ეკლესიები და ქურმუხის მთავარეპისკოპოსს კირილე დონაურს ყველა ეკლესიისთვის სახარების გადაწერა დაავალა.
p.s. ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის ფოტო ამ დილით არის გადაღებული და ის “გურია ნიუსს” ალი ბაბევმა მიაწოდა.