გასული საუკუნის მეორე ნახევარში რუსულენოვანი ჟურნალი ,,ამერიკა” შემოდიოდა ჩვენში. ერთ-ერთ ნომერში დიდი სტატია იყო მიძღვნილი ტელეფონისადმი, სადაც ასეთი სიტყვები იყო: ტელეფონი ჩემი მეგობარია, მის გარეშე როგორც უხელო ისე ვარო… საუბარი იყო სტაციონალურ დანადგარზე, ახლა კი, ორმოცი წლის განვლის შემდეგ, მობილურის გარეშე ალბათ კაცი არ მეგულება ამ დუნიაზე და უმობილურობა ნაღდად უხელობას ნიშნავს…
ცნობისათვის, პირველი სატელეგრაფო ხაზი ფოთსა და თბილისს შორის 1860 წელს გაიყვანეს, 1868 წელს პირველად დაუკავშირდა ერთმანეთს ტელეფონით თბილისი ბაქოს, ხოლო 1893 წელს ამოქმედდა პირველი სატელეფონო სადგური თბილისში.
ახლა კი გადავინაცლოთ, ლამის, 100 წლით უკან თბილისში და ვნახოთ, როგორ ცდილობდა ერთი გურული ტელეფონით დაკავშირებას.
ჟურნალიდან ,,ეშმაკის მათრახი“ (1920)
გურული სცენა (ტელეფონი)
-მომეცით პაჟალუსტა გასტინიცა ვორიანტ.
-ნომერი მიბძანეთ, ბატონო.
-ნომერი არ ვიცი, თვარა ქე გეტყოდი.
-მაშ კარგი, ქალს მოგცემთ და ის გეტყვით ნომერს.
-ბატონო, ქალი ერთი ქე მყავს, ქარ-მეხმა დაანგრია მისი გამომცემელი და მიორე რა ეშმაკათ მინდა?
-თქვენ ვერ მიხვდით, ბატონო, უფროსი ქალი, ე.ი. სტარშს მოგცემთ, რომელმაც ტელეფონის ნომრები იცის…
-ხოო, უკაცრავათ, შენი ჭირიმე. მე მეგონა, მიორეჯელ მიპირობდით ცოლის შერთვას…
-მომეცით ორიანტის გასტინიცა.
-სტანციაში დარეკეთ…
-ბატონო, სტანციიდან მე თვითონ ვლაპარიკობ, აგერ, ძამა ჩამოუვიდა გურიიდან ჩემ აფხანაკს, მისი შვილი ვორიანტში მსახურობს და იგი მინდა დევიბარო აქანე.
-ვ ცენტრალნუიუ პაზვანიტე, I პროსიტე 2-61.
– ხოო, მერსი, მერსი, მივხთი…
-მომეცით 2-61.
-…დაკაავებულია.
-რითაა დაკავებული?
-ტელეფონი, ბატონო, არ სცალია…
-მზად გახლავთ თქვენი ნომერი.
-მადლობა ღმერთს. ატკუდა, გოსტინიცა ვორიანტ?
-ნეტ, ნეტ, ეტო დომ უმალიშონიხ.
-რას ვერ იშოვნი კაცო?
-უმალიშონიხ… სუმაშედშიხ…
-სუმაშეჩიც ხარ და ერთიც მეტი… დავაი ატბოი…
-ბატონო, მომეცით 2-61.
-მზად არის.
-ატკუდა? ჰა? ატკუდა? კუდი მოგძრა შენ ვინცხა ხარ.
-პრიომნი პაკოი ბალნიცი არამიანც…
-ვაი, შენ დაგექცა ვოჯახი…
-ჩტო?
-ნიჩევო, დავაი ატბოი.
-ცენტრალნი? მაგი რა ამბავია, ბატონო, ჩემ თავზე, ჩემს მეტი ვერაკაცი ვერ ნახე სასაცილო? ახლა მაინცდამაინც მინისტერი უნდა ვიყო, რომ კარგათ მიქნათ საედინენიე?
-უკაცრავად, ბატონო, რა ჩემი ბრალია, ძალიან ცუდათ ისმის, აი, მზად გახლავთ ორიანტი და ელაპარაკეთ.
-უკაცრავად, თქვენთან ახლა აღარ მინდა, ჯერ იყო და გიჟებში გამაგზავნეთ, მერე არამიანცის ბალნიცაში, აწი მგონი კუკიის სასაფლავოზედაც მალე გამაგზავნით, ამდოხანს ჩავჟდებოდი პერვი ნომერში, მივიდოდი და გამევიდოდი კიდეც. აღარ მინდა, ამისანა ტელეფონს ბაღნობისას მეც ქე ვაკეთებდი ძაფით და სპიჩქის კოლოფით…