საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, ფასები სურსათზე, ხორცის პროდუქტებზე, უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულზე, რძის პროდუქტებზე, ტრანსპორტსა და ჯანდაცვაზე გაზრდილია. საქსტატს სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფებზე ფასების ზრდა პროცენტულად აქვს წარმოდგენილი. კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ 2017 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,7 პროცენტი შეადგინა. როგორც საქტატი განმარტავს, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ იქონია. სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით ასე გამოიყურება:
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები წინა თვესთან შედარებით 1,4 პროცენტით გაიზარდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასებმა 5,3 %-ით მოიმატა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. ხილი 4,2 %-ით გაძვირდა. თევზეულზე ფასები გაიზარდა 1,9 %-ით. 1,3 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა რძეზე, ყველსა და კვერცხზე ღირებულება. ხორცის პროდუქტებზე 1%-იანი მატება გვაქვს. ფასების გაზრდა ტრანსპორტსაც შეეხო, კერძოდ, ამ ჯგუფში ფასებმა 1,5 %-ით მოიმატა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,2 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასების ზრდა ჯანმრთელობის დაცვაზეც აისახა. ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით, რაც 0,19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 5,0-ით და საავადმყოფოების მომსახურებაზე 1,4 %-ით.