ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან 127 000 ლარი პრემიებზე დაიხარჯა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, გსული წლის ბოლოს მერიისა და საკრებულოს 119 თანამშრომელმა ახალი წლის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მიიღო ერთი თვის თანამდებობრივი სარგო:
_ ბოლო 42 თვის განმავლობაში ეს წახალისების მხოლოდ მეორე შემთხვევაა, _ აღნიშნა ჩვენთან საუიბრისას ირაკლი კუჭავამ.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით პრემიებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამეწარმოე არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებიც ელოდებიან. როგორც გვითხრეს, მათ ამის შესახებ პირობა გასული წლის ბოლოს მიიღებს.
ჩოხატაურის მერის თქმით, ჯილდოს გაცემის საკითხი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის გადასაწყვეტია:
“რაც შეეხება ა(ა)იპ-ებს, როგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა დაჯილდოებისა და წახალისების ახალი სისტემა. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადაწყვეტს ამა თუ იმ თანამშრომლის დაჯილდოების, ან წახალისების საკითხს,” _ გვითხრა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ 1 იანვრიდან საჯარო მოხელეები პრემიების ნაცვლად, ფულად ჯილდოებს მიიღებენ. “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი სწორედ დღეიდან შევიდა ძალაში. ფულადი ჯილდოს მიღება მოხელეს დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეეძლება, თუმცა განსაზღვრული ოდენობით.
კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს.
თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება საჯარო მოხელეს ერთჯერადად მიეცეს განუსაზღვრელი ოდენობის ფულადი ჯილდო მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით.