ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონტანტინე შარაშენიძის გასული წლის 27 დეკემბერს გამოცემულ ბრძანებას, რომლის ტანახმადაც მერიის 18-მა თანამშრომელმა პრემია მიიღო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფროსი სპეციალისტი საოქმო მომსახურების საკითხებში გივი ყაზაიშვილი ეხმაურება:
“მერმა არაფრად ჩააგდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის _ უფლებამოსილი პირის კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული და საჯაროდ გამოქვეყნებული ბრძანება და იგნორირება უყო რა საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 35-ე მუხლის პირველი პუნქტის “ო” ქვეპუნქტს, აშკარად გადაამეტა რა თავის უფლებამოსილებას, არ გასცა დანამატები საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებზე, რომლებისც მთელ გარდამავალ პერიოდში მუშაობდნენ და ეს მაშინ, როდესაც ბიუჯეტში შესაბამისი თანხებიც არსებობდა და აუცილებელი ხარჯები და ვალდებულებებიც გაწეული იყო.
რა ოზურგეთის მოსახლეობა იმდენად მეტადაა გაჭივრებული ჩოხატაურისა და ლანჩხუთისაზე რომ აქ არ შეიძლებოდა პრემია დანამატების გაცემა? ეს ხალხის რჩეული მერის უკვე მეორე”მაღალკომპეტენტურობის” გამოვლინებაა მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის დანიშვნვა-განთავისუფლების “სკანდარიკოს” შემდეგ.
ვიღაცამ რაღაცას, ვისაც ხელეწიფება ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება?” _ წერს ყაზაიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც გავარკვიეთ, საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას საკრებულოს თანამშრომელთა პრემირებაზე ბრძანება შარაშენიძის მსგავსად 27 დეკემბერს აქვს გამოცემული, თუმცა მერიის თანამშრომლებისგან განსხვავებით, საკრებულოს თანამშრომლებს პრემია ამ დრომდე არ მიუღიათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ შარაშენიძე 30 დეკემბერს “გურია ნიუსის” კორესპონდენტთან საუბრისას ამბობდა, რომ პრემიები გაცემული არ ჰქონდა:
“ვინც დაიმსახურა, იმათ აუცილებლად მივცემთ დანამატს. 18 ადამიანი მიიღებს დანამატს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში” _ ამბობდა შარაშენიძე მაშინ, როცა პრემიები უკვე დარიგებული ჰქონდა.
მერმა მაშინ საკრებულოს თანამშრომელთა პრემირებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საკრებულოდან სიას ელოდებოდა.
ამავე დროს, კეთდებოდა განცხადებები, რომ პრემია-დანამატების გაცემი ინიციატორი გაცემის ინიციატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იყო, რომელსაც საკრებულო აპარატის ყველა თანამშრომლისთვის სურდა მიეცა პრემია-დანამატი, რაზეც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი თანახმა არ იყო.
არადა, როგორც აღმოჩნდა, შარაშენიძეს პრემიები უკვე გაცემული ჰქონდა და უფრო მეტიც, მისთვის ცნობილი იყო საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაც თანამშრომელთა პრემირების შესახებ.
რატომ არ გაიცა ოზურგეთის საკრებულოს თანამშრომლებზე პრემიები და იყო თუ არა შარაშენიძის მხრიდან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება _ “გურია ნიუსი” თემაზე მუშაობას აგრძელებს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე: ვის და რატომ მისცა ოზურგეთის ახალარჩეულმა მერმა პრემია (სრული სია)