ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი „ჩაშლილი“ არ არის და გაურკვეველია, სად რა თანხა უნდა დაიხარჯოს.
“ჩაშლილი არ იყო ბიუჯეტის პროექტი და ამასთან დაკავშირებით მქონდა შენიშვნა. მაგალითად, ინფრასტრუქტურის და სოციალურის კუთხით როგორ დაიხარჯებოდა თანხა ამის კონკრეტიკა არ იყო და დღემდე ველოდები ბიუჯეტის ჩაშლილ პროექტს“, _ გვითხრა ქათამაძემ.
მისივე თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან იყო წინადადება, რომ სოფლის დღესასწაულები და სხვა ღონისძიებები გაუქმებულიყო და გამოყოფილი თანხა სოციალური პაკეტების გაზრდას მოხმარებოდა.
“ასევე, ითქვა „გომისმთობის“ და სოფლის დღესასწაულების გაუქმების შესახებ. მერიის წარმომადგენელმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს იყო თანხების დაზოგვა. აღნიშნულ თანხას კი ჯანდაცვის ახალ პროგრამაზე გამოიყენებდნენ. 70 000 ათასი ქულამდე მქონე პირებს, რომლებსაც შეეძინებათ შვილი, თვეში 100 ლარი მიეცემოდათ ერთი წლის განმავლობაში“, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ბესო ქათამაძემ.
კითხვაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა კულტურული ღონისძიებები? _ ქათამაძე გვპასუხობს, რომ მსგავსი ღონისძიებები ტურისტთა მოზიდვას უნდა ემსახურებოდეს.
“მინდა გითხრათ, რომ კულტურული ღონისძიებები ტურისტების მოსაზიდად უნდა იყოს განკუთვნილი“, _ ამბობს ქათამაძე.
ქათამაძის მსგავსად, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და “ქართული ოცნების“ წევრ მარი ჩხიკვიშვილს.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში არ ჩანდა ის კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრდა და ტრადიციად იქცა მუნიციპალიტეტის სოფლებში. კულტურული პროექტების არსებობა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გახსოვთ, ალბათ, თუ როგორი ხალხმრავლობით გამოირჩეოდა სოფლებში თითოეული მსგავსი ღონისძიება. მაგალითად: დავიწყებ ჩემი სოფლიდან _ დვაბზუდან.
უკვე მესამე წელია, რაც სოფელი „დვაბზუობას“ აღნიშნავს და ეს არის თითოეული დვაბზუელისთვის, ნამდვილი დღესასწაული, ასევეა, სხვა სოფლებისთვისაც. ამიტომაც მიმაჩნია და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მსგავსი ტიპის ღონისძიებები. ჩატარდეს ისინი ადგილობრივი ანსამბლების, არტისტების, სოფელში მცხოვრები ნიჭიერი ხელოვანების მონაწილეობით.
ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მითუმეტეს, როცა ჩვენს მუნიციპალიტეტში მრავლადაა წარმოდგენილი ფოლკლორული, საესტრადო ანსამბლები, ასე საშუალება მიეცემათ ნიჭიერ ახალგაზრდებსაც წარმოაჩინონ შესაძლებლობები.
ბიუჯეტის პროექტი მსგავსი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით ჩვენ უკვე დავუბრუნეთ აღმასრულებელ ორგანოს, ველოდებით მათი მხრიდან წინადადებების გათვალიწინებას“, _ თქვა ჩვენთან საუბრისას მარი ჩხიკვიშვილმა.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს “ევროპული საქართველოს“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს მიხეილ გოგოტიშვილს. გოგოტიშვილის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემოტანილი ბიუჯეტი, არ აკმაყოფილებს პროგრამული ბიუჯეტის პარამეტრებს.
„ის წარმოდგენილია მხოლოდ მშრალი ციფრებით, რომლის გაგება სპეციალისტებსაც კი გაუჭირდებათ, არათუ ჩვეულებრივ ამომრჩეველს.
ზოგადად, პროგრამული ბიუჯეტი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ჩაშლილი უნდა იყოს პუნქტებისა და მუხლების მიხედვით ისე, რომ არასპეციალისტისთვისაც გასაგები უნდა იყოს, თუ სად რა თანხა იხარჯება“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრსა მიხეილ გოგოტიშვილი.
მისივე თქმით, მოკლედ წარმოდგენილი ბიუჯეტი არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, ასევე, არ ბალანსდება შემოსავალი და ხარჯი, პრიორიტეტებში არ არის მითითებული სოფლის მეურნეობა და გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმ ფონზე, როცა გვახსოვს, გასულ წელს რა სავალალო შედეგი მოგვიტანა მავნე მწერმა ,,ფაროსანამ”.
“ასევე, ეკონომიკის განვითარებისათვის არ იკვეთება არანაირი ხელშეწყობა. არ არის მითითებული თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებში იხარჯება თანხა სოცკულტურული და სპორტული ღონისძიებებიდან.
ასევე, არ არის მითითებული თუ რომელ სოფელში ან ქუჩაზე უნდა დაიხარჯოს თანხები ადგილობრივი ინფრასტრუქტურული ხარჯებიდან“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მიხეილ გოგოტიშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი, მაიზერ ცელაძე „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ კულტურული ღონისძიებები არ უქმდება.
“იგეგმება შესაბამისი აპარატურის შეძენა, რომლის მეშვეობით მოხდება კულტურული ღონიძიებების გამართვა. ასევე, მერია აპირებს სცენის შეძენას და ამის შესახებ ყველა დეტალი იქნება ცნობილი.
შიდა ძალებით გაკეთდება ღონისძიებები და არცერთი ღონისძიება, რაც წინა წლებში ტარდებოდა, არ გაუქმდება. სოფლებში დაგეგმილია უფრო მეტი ღონისძიება, რომლებსაც სოფლის სახალხო დღესასწაულები ერქმევა”.
ამავე თემაზე: დაამტკიცებენ თუ არა ოზურგეთის ბიუჯეტს 10 იანვარს