ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი _ ეს არის დღე, როდესაც ადამიანები ერთმანეთს იესოს შობის სიხარულს უზიარებენ.
შობისთვის მართლმადიდებელი სამყარო ემზადება ლოცვითა და მარხვით.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესიაში ღამისთევით ჩატარდა. ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, საღვთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა -თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებსა და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა. ასევე, ღვთისმსახურების დაწყებისას წაიკითხეს კათოლიკოს- პატრიარქის საშობაო ეპისტოლე.
საღვთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოჯახთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.