სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ამერიკის ხმას” “სკაიპით” ესაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე _ როგორ ფიქრობთ, საქართველო მოითხოვს თქვენს ექსტრადიციას? _ სააკაშვილი პასუხობს:
თუმცა, მიუხედავად ამისა, ივანიშვილი თავს იკავებს საქართველოში ჩამიყვანოს. ეს იმიტომ, რომ [იცის] საკანში ჩუმად არ ვიჯდები და 20 წელი იქ არ გავიხრწნები. ღვთის გულისათვის, მე ხომ თანამედროვე საქართველოს ფუძემდებელი ვარ. საქართველოს მოსახლეობაში, სამართალდამცავებში და შეიარაღებულ ძალებში დიდი მხარდაჭერა მაქვს. თუ საქართველოში ჩემი ექსტრადიცია მოხდა, ყველას მოვუწოდებ ივანიშვილის მთავრობის მოშორებისკენ. მე ამას გავაკეთებ.
ამას ღიად ვამბობ. ყველაფერს მშვიდობიანად გავაკეთებ, მაგრამ გავაკეთებ. მათ არ მივცემ უფლებას ვლადიმირ პუტინის სურვილი შეასრულონ და მე საქართველოს ციხეების ადმინისტრაციამ და საქართველოს სამართალდამცავებმა დამსაჯონ. ჩუმად დაჯდომას არ ვაპირებ. მე რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ვარ, რომელზეც პუტინი უწყვეტად საუბრობს. მე მას ამ სჩუქარს არ გავუკეთებ”, _ თქვა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირველი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ცნო დამნაშავედ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. მას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.