ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაციის პროცესი უკვე დაიწყო. როგორც “გურია ნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე სთხოვს, თუმცა, როგორც უმრავლესობამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ისინი საკუთარი ნებით განცხადებების დაწერას არ აპირებენ. ერთადერთი, ვინც თანხმობაზე წავიდა, ოზურგეთის „სერვისცენტრის“ ხელმძღვანელი შალვა კონჯარიაა.
მერიის იურისტის ლაშა თავაძის განმარტებით, აღნიშნული პროცესი ორი მუნიციპალიტეტის შერწყმის შედეგად წარმოიშვა. მისივე თქმით, თუ ა(ა)იპ ხელმძღვანელები საკუთარი განცხადების საფუძველზე არ დატოვებენ დაკავებულ თანამდებობას, დაურიგდებათ გაფრთხილებები, რის შემდეგაც მერი მიიღებს გადაწყვეტილებას.
ქეთევან ლორთქიფანიძე, ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი“: _ ლაშამ დამირეკა და მითხრა, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და განცხადებები უნდა დაგვეწერა. მე რატომ უნდა დავწერო განცხადება? ბრძანება უნდა დაიწეროს თუ რეორგანიზაციაა, არ დამიწერია.
მაია ქუტიძე, ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“: _ კი, ბატონო, მითხრეს, დავწერე განცხადებაო, თუმცა, არ დამიწერია, არც ვაპირებ, მე ჩემი ნებით რატომ უნდა წავიდე სამსახურიდან?! დამირეკა ლაშა თავაძემ, მივედი და ვუთხარი, რომ განცხადებას არ დავწერ მეთქი.
ავთანდილ მექვაბიშვილი, ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი“: _ არა, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, ჩემთან ამაზე საუბარი არ ყოფილა, ტელეფონის ზარი არ გახორციელებულა, ვაგრძელებ ჩვეულებრივ მუშაობას.
რუსუდან მემარნიშვილი, ა(ა)იპ “ოზურგეთის სამუზეუმო–საბიბლიოთეკო გაერთიანება“: _ დამირეკეს, რომ განცხადება დაწერეთ გათავისუფლების შესახებო და უარი ვუთხარი. არ ვაპირებ, დავწერო, თავად გამათავისუფლონ.
შალვა კონჯარია, ა(ა)იპ “ოზურგეთის მომსახურების ცენტრი“: _ მე განცხადება დავწერე, წამოვედი, ატვირთულია ელექტრონულად, დავიღალე და სხვა სამსახურს ვიწყებ.
კობა ბანძელაძე, ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი“: _ მე არ ვფლობ ასეთ ინფორმაციას, თუ დავწერ განცხადებას, ამას მაშინ გეტყვით, როცა შემომთავაზებენ.
ნათია დუნდუა, ა(ა)ი.პ. “სახელმწიფო ანსამბლი “გურია“_ დიახ გისმენთ, ჩვენთან არაფერი არ ხდება, უკაცრავად ეს ინტერვიუა? მე არ ვარ თანახმა ინტერვიუ მოგცეთ, ტელეფონით რომ მირეკავთ, იწერთ? _ კარგად ბრძანდებოდეთ.
კახა ვასაძე, ა(ა)ი.პ. “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა“: _ ჩვენთან არაფერი არ ხდება, არ უთქვამთ განცხადების დაწერა.
ვოვა სალუქვაძე, ა(ა)იპ “ოზურგეთის სერვისცენტრი“ _ მიმდინარეობს მუშა პროცესი, არ არის გამორიცხული, რომ რეორგანიზაციას გარკვეული საკადრო ცვლილებები მოჰყვეს, ეს დასაშვებია. ვერანაირ ნონსენს ვერ ვხედავ ამაში.
მამუკა გოგუაძე, ა(ა)იპ “ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ მერცხალი“_ არა, რატომ უნდა დავწერო? მითხრეს, რომ უნდა დამეწერა, არ გაინტერესებთ, ვინ მითხრა? _ ლაშა თავაძემ, მან დამიბარა და მითხრა, მე უარი ვუთხარი.
გოგა ტრაპაიძე, ა(ა)იპ “ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი“ : _ მუზეუმის დირექტორი პასუხისმგებელია იმ მატერიალურ ღირებულებებზე, რაც ინახება მუზეუმში, ამიტომ ახალი დირექტორის დანიშვნის შემთხვევაში, ვალდებული ვარ, გადავაბარო არსებული ექსპონატები. მე ამის შესახებ ჩავაყენე ლაშა თავაძე საქმის კურსში და ამიტომ არ დამიწერია.
ეკა ნინიძე, “სკოლამდელი სააღმზრდელო–საგანმანათლებლო ცენტრი“ : _ საავადმყოფო ფურცელზე ვარ და ვერავინ ვერაფერს მომთხოვდა მაგ კუთხით, მსგავს თემაზე ჩემთან საუბარი არ ყოფილა.
ლელა შარაშენიძე, “მუსიკალური სკოლა“ :_ არა, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს.
გოჩა კვანტალიანი, “სპორტის განვითარების ცენტრი“:_ დამირეკეს განცხადება დაწერეო, ვუპასუხე, რომ მეორედ მაგ თემაზე არ დამელაპარაკოთ,–მეთქი.
თენგიზ კალანდაძე, ა(ა)იპ “სარაგბო კლუბი არწივები“:_ მე განცხადება დავწერე, ასე მივიჩნიე საჭიროდ. რეორგანზაცია მიმდინარეობს და ეს ჩვეულებრივი პროცესია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე:
_ მიმდინარეობს ა(ა)იპ –ებში რეორგანიზაცია. არის ორი ერთნაირი იურიდიული სახელის მქონე ა(ა)იპ რომელთა რეორგანიზაცია და გაერთიანება ხდება. შესაბამისად, ხელმძღვანელ პირებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, ბუნებრივია, როცა ორი იურიდიული პირი გაერთიანდება და მოხდება ცვლილება, შესაბამისად, ორი უფროსი, მოადგილე, ბუღალტერი და იურისტი არ იქნება.
რეორგანიზაციის საკითხი საკრებულოს სხდომაზე გაგვაქვს, შემდეგ უნდა მოხდეს დარეგისტრირება საჯარო რეესტრში.
თავაძის განმარტებით, რეორგანიზაციას შემცირებები მოჰყვება, საშტატო განრიგი მერთან შეთანხმებით დამტკიცდება:
_ 9 თუ 8 იურიდიულ პირს უწევს გაერთიანება. მერი გადაწყვეტს. წესდებიდან გამომდინარე, ის იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ხელმძღვანელი. ეს არის მერის უფლებამოსილება, ვინ დატოვოს და ვინ არ უნდა დატოვოს, შესაბამისად, მისი უფლებამოსილებაა ვინ დაწეროს განცხადება და ვინ არა.
ჯერჯერობით, ელექტრონულად მხოლოდ შალვა კონჯარიას განცხადებაა ატვირთული, სხვა რას აპირებს, ვერ გეტყვით, მათ დაურიგდებათ გაფრთხილება, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და შემდეგ მერი მიიღებს გადაწყვეტილებას, _ ამბობს თავაძე.