ნიაზ დიასამიძის იუმორი, მისი მოსწრებული სიტყვა და ამოუწურავი ფანტაზია ლეგენდად შემორჩა თბილისურ ფოლკლორს. ცნობილია, რომ ნიაზი ბახუსთან მეგობრობდა და კარგი ქეიფის გასაშანსად ნებისმიერ ხერხს იყენებდა. ერთხელ, დგანან, თურმე, მეგობრები ქუჩაში და “ტყუილად ცდებიან.” ბოლოს ისევ ნიაზმა მოიფიქრა – შევიდა საპარიკმახეროში, თავი გადაიპარსა, აიყოლია დანარჩენებიც და პურმარილით განთქმულ ერთი ახლობლის ოჯახს მიადგა. გააღო მასპინძელმა კარი და – ჯარში მივდივარო, შესჩივლა ნიაზმა. შეწუხდა ოჯახის უფროსი, თან დაფაცურდა, დატრიალდა დიასახლისიც და სულ მალე შესანიშნავი “გაცილების” სუფრა გაიშალა. ქეიფი გვიან ღამემდე გაგრძელდა.
გათენდა მეორე დღე. ისევ დგას ქუჩაში გუშინდელი შემადგენლობა, “პახმელიაზე” არიან, თან იმას ფიქრობენ, წინა დღეს ნათქვამი ტყუილიდან თავი როგორ დაიძვრინონ. გამოსავალი ამჯერადაც ნიაზმა მოძებნა – მოჰკიდა ხელი ძმაკაცებს და ისევ იმ ოჯახს მიაყენა. გააღო კარი გაოცებულმა მასპინძელმა. ნიაზმა არც აცია, არც აცხელა, კისერზე ჩამოეკიდა და მიახარა: მომილოცე, ჯარში აღარ მივდივარ, საქმე ჩამიწყვეს, მტოვებენო. ისევ დაფაცურდა გახარებული მასპინძელი, დატრიალდა დიასახლისიც…
ნიაზ დიასამიძის ჯარიდან “დახსნას” გვიან ღამემდე აღნიშნავდნენ.